Accessibility links

logo-print

თბილისში აქციით გააპროტესტეს სამთაწყაროს მუსლიმანი მოსახლეობისთვის ღვთისმსახურებაში ხელის შეშლის ფაქტები


სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა სოლიდარობის აქციით გააპროტესტეს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს მუსლიმანი მოსახლეობისთვის ღვთისმსახურებაში ხელისშეშლის ფაქტები. ” ბოლო 3 კვირის განმავლობაში სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობა, რომელიც თავს მიაკუთვნებს ქრისტიან მრევლს, აშკარად უკანონო ფორმით უშლის ხელს უმცირესობაში მყოფი მუსლიმი თემის პარასკევის ტრადიციულ ლოცვას ” - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ადამიანის უფლებათა დამცველი 7 არასამთავრობო ორგანიზაცია. მათი შეფასებით, ადგილობრივი ქრისტიანების ქცევა და მათი განცხადებები ხშირ შემთხვევაში ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელია და რელიგიური კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნის. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფომ სრულად ვერ უზრუნველყო ადგილობრივი მუსლიმანური თემის რელიგიური თავისუფლება და მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნქციით შემოიფარგლა, რაც არასაკმარისია და ეწინააღმდეგება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ეფექტურად დაიცვას რელიგიური უმცირესობის უფლებები. სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, ნათლად გამოხატოს პატივისცემა რელიგიური უმცირესობების უფლებებისადმი და მიმართოს შესაბამის ზომებს სოფელ სამთაწყაროში მუსლიმანური თემის რელიგიური თავისუფლების სათანადოდ დასაცავად. დღეს სოფელ სამთაწყაროში ჩავიდა და მუსლიმანთა პარასკევის ლოცვას დაესწრო სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი. მან ადგილობრივ მოსახლეობას უმცირესობების კონსტიტუციური უფლებები გააცნო და მოუწოდა დღევანდელის მსგავსად მუსლიმანებს ტრადიციული ლოცვისას ხელი არც მომავალში შეუშალონ.
XS
SM
MD
LG