Accessibility links

აშშ-ის კონგრესი საქართველოში ოპოზიციის წევრების დაპატიმრების „პოლიტიკურ მოტივებზე“ საუბრობს


2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არჩეული საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო, - ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი განცხადებაში, რომელიც თავდაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას ეხება. კონგრესმენები კიდევე ერთხელ უსვამენ ხაზს 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებას, როგორც საქართველოს მთავარ მიღწევას თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, ISAF-სა და ერაყში მრავალეროვნული ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით,“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც კონგრესის ბიბლიოთეკის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამასთან დოკუმენტში შეშფოთებაა გამოთქმული „დანაშაულებრივი ქმედებებისათვის“ საქართველოს ყოფილი ხელისუფლები წევრების გასამართლების თაობაზე. კონგრესმენები კერძოდ, აღნიშნავენ, რომ მსგავსი ბრალდება წაყენებული აქვს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, ვანო მერაბიშვილს. კონგრესმენების აზრით, საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას. განცხადების ბოლოს, „ამერიკელი ხალხი და კონგრესის წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში, 2013 წლის 6 ივნისს დაღუპული შვიდი სამხედროს გამო, ასევე 2013 წლის 13 მაისს დაღუპული სამი ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო“.
XS
SM
MD
LG