Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ მიწის ქვეშ მოწყობილი სამალავები აღმოაჩინა


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ”სამეგრელოში აღმოჩენილია სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწის ქვეშ შენიღბულად მოწყობილი და სპეციალური კამუფლაჟით დაფარული სამალავები, სადაც ნაპოვნია ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაციების, მათ შორის დივერსიული საქმიანობისთვის გათვალისწინებული დიდი ოდენობით ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, ავტომატური და სხვა ცეცხლსასროლი იარაღი, კავშირგაბმულობის საშუალებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული ნივთიერებები კერძოდ, ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი და სუბუტექსი.” შსს-ს განცხადებითვე, ”ჩხრეკისას ამოღებულია წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი იმ პირების ფოტოსურათებისა და პირადი მონაცემების შემცველი არქივი, რომელთა დაპატიმრებაც იგეგმებოდა, სხვადასხვა გაყალბებული ბრალდებით, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვების შემთხვევაში.” სამინისტროს ცნობით, ზოგიერთი დოკუმენტი ხელნაწერის სახითაა, რაც ქმნის მნიშვნელოვან მტკიცებულებით ბაზას დამნაშავე პირების სწრაფად იდენტიფიცირებისა და დაკავებისათვის. ”გარდა ამისა, სამალავებში ნანახია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ადამიანების სასტიკი წამების, მათზე სექსუალური ძალადობის, ცემის და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი არაერთი ვიდეოფირი, რომელთა შესწავლისთვის მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები”, - ნათქვამია განცხადებაში. შსს-ში ამ ეტაპზე დადასტურებულად მიიჩნევენ იმას, რომ ”სამალავების მიკვლევისა და დროულად განეიტრალების შედეგად თავიდანაა აცილებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, განსაკუთრებით მძიმე და საშიში დანაშაული, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას საზოგადოება გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად მიიღებს.”
XS
SM
MD
LG