Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს 24 000 მოქალაქე უკანონოდ ფლობს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას


საქართველოს სხვადასხვა რაიონში რეგისტრირებულია 30 ათასი ადამიანი, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობის ფლობის პარალელურად შეიძინეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და ამის შესახებ არ უცნობებიათ საქართველოს სახელმწიფოსათვის, ეს კი მოქალაქეობის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციას საფუძვლად უდევს ამომრჩეველთა სიების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დაწყებული, მონაცემთა ბაზის ანალიზის შედეგები. იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის დაშვებული ორმაგი მოქალაქეობა, გარდა პრეზიდენტის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებისა. ”სახელმწიფოს მიზანია შეინარჩუნოს საქართველოს მოქალაქეები და დაიცვას მათი ინტერესები, ამიტომ სერვისების განვითარების სააგენტომ სპეციალური წერილით მიმართა ყველა პირს განურჩევლად თანამდებობის, სტატუსის თუ რეგისტრაციის ადგილისა და აცნობა, რომ საქართველოს მოქალაქეობას უკანონოდ ფლობენ”, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში. ამ პირებს სამინისტრო მოუწოდებს, ჩაერთონ საქმის წარმოებაში და მიმართონ სააგენტოს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით, რათა კანონით დადგენილი წესით მოხდეს მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცედურების დაწყება. კერძოდ, სერვისების განვითარების სააგენტო განაცხადს შეისწავლის, დასკვნას გაუგზავნის პრეზიდენტის ადმინისტრაციას და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მათ პრეზიდენტი მიანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას.
XS
SM
MD
LG