Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში სამთავრობო კრიზისია


პეტრ ნეჩასი
პეტრ ნეჩასი
ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა გადადგომა გადაწყვიტა კორუფციისა და ჯაშუშობის სკანდალის გამო, რომელიც მის ახლო თანამშრომელს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკავშირდება.

პეტრ ნეჩასი სამი წელიწადი იყო ამ თანამდებობაზე. მან თქვა, რომ ის სავსებით აცნობიერებს პასუხისმგებლობას და გადადგება პარტიის თავმჯდომარის პოსტიდანაც. გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იანა ნადიოვა, მასთან ერთად სხვა პირებიც, ეჭვმიტანილი არიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში, ასევე მექრთამეობაში. იანა ნადიოვა საპატიმროშია. მას პროკურატურა ბრალს სდებს მექრთამეობაში, იმაში, რომ ნეჩასის პარტიის - სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის - ყოფილ კანონმდებლებს ის სთავაზობდა კარგ თანამდებობებს სახელმწიფო კომპანიებში და სამაგიეროდ მათგან ითხოვდა პარლამენტის მანდატის დათმობას. ამასთან, ნადიოვას აბრალებენ სამხედრო დაზვერვის სამსახურის ბოროტად გამოყენებას, სულ მცირე, სამი პირის სათვალთვალოდ. ერთი მათგანი პრემიერ-მინისტრის ცოლია. ნეჩასი ცალკე ცხოვრობდა და, 25 წლიანი ურთიერთობის შემდეგ, მასთან განქორწინებას აპირებდა. პრესაში წაიკითხავთ ასეთ ცნობასაც, რომ პრემიერ-მინისტრს და მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს არამხოლოდ სამსახურებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ჩეხეთის ტელევიზიით პოლიტიკურმა მიმომხილველმა, მარტინ ფედრიხმა განაცხადა, რომ ნადიოვას უფლებები შეუზღუდავიც კი იყო, პრემიერისას უტოლდებოდაო. პოლიციამ გასულ ხუთშაბათს მოაწყო დიდი რეიდი, რომელშიც 400 სამართალდამცავი მონაწილეობდა. პრაღაში ერთდროულად მოეწყო ჩხრეკა სახელმწიფო კანცელარიასა და თავდაცვის სამინისტროში, ასევე კერძო ბინებში. თავიდან პრემიერი მაგრად იდგა და ბრალდებებს უარყოფად, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა დანებებულიყო. ჩეხეთს მემარცხენე ორიენტაციის პრეზიდენტი ჰყავს. მილოშ ზემანი ნეჩასის პოლიტიკური ოპონენტია. ნეჩასის გადადგომით სოციალ-დემოკრატებს შანსი ეძლევათ დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამისთვის პარლამენტი უნდა დაიშალოს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაავალოს ვინმეს, ახლა უკვე არჩეულთაგან, შექმნას მთავრობა და ზეპარტიული გარდამავალი მთავრობა ჩამოაყალიბოს.

ახლა პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს, მიმართავს თუ არა ნეჩასის თანაპარტიელს მარტინ კუბას თხოვნით, შექმნას ახალი მთავრობა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG