Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: ევროპასა და ნატოში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია


ორშაბათს ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა დისკუსია საქართველოში ბოლოდროინდელი პროცესების შესახებ. დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, რომლის აზრითაც, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ განვლილი ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში შეძლო იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსი არ იცვლება. კურსის უცვლელობის საუკეთესო დასტურად უსუფაშვილმა დაასახელა პარლამენტის მიერ მარტში დამტკიცებული რეზოლუცია საქართველოს სტრატეგიული მიზნების შესახებ. „ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ ევროპა არის ჩვენი ერთადერთი მიზანი, რომელზეც ვფიქრობთ და ევროპაში ინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციას ალტერნატივა არ გააჩნია და არც კი ვფიქრობთ სხვა გზაზე, რადგან არ არსებობს სხვა გზა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, კეთილდღეობის და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“ - განაცხადა უსუფაშვილმა ბრიუსელში, ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას. ის შეეხო საქართველოს ოკუპაციის პრობლემასაც და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს მიმართ ყურადღებისათვის. უსუფაშვილის თქმით, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისია არის უსაფრთხოების ერთადერთი ეფექტიანი ზომა, რომელიც საქართველოს იცავს ოკუპაციის კუთხით ვითარების კიდევ უფრო გაუარესებისაგან.
XS
SM
MD
LG