Accessibility links

გიგ უგულავა მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია


თბილისის მერი თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებულია - ამის შესახებ გიგი უგულავამ განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელსაც დღევანდელ სხდომაზე უნდა მიეღო ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დაშვების გადაწყვეტილება. წინასასამართლო სხდომა 3 ივლისისთვის გადაიდო მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ მოსამართლეს მიმართა, მტკიცებულებად არ დაეშვა რამდენიმე პირის დაკითხვა, პროკურატურამ კი გონივრული ვადა და სხდომის გადადება მოითხოვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უგულავა თებერვალში ცნო ბრალდებულად დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში და განმარტა, რომ საქმე ეხება წინა ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია ”იმედის” ხელში ჩაგდების დანაშაულებრივ სქემას და მერიის სტრუქტურაში ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორთა ფიქტიურად დასაქმების მიზნით სპეციალური განყოფილების შექმნას. ბრალდების მხარე თებერვალში სასამართლოსგან ითხოვდა თბილისის მერისთვის უფლებამოსილების შეჩერებას და მილიონი ლარის გირაოს, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლომ ”იმედის” საქმეზე გიგი უგულავასთან ერთად ბრალდებულ დავით კეზერაშვილს დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. საქმის ამ ეპიზოდზე დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარეებმა წარადგინეს ნუსხა მოწმედ დასაკითხი პირებისა, რომელთა შორის არიან ნიკა გილაური, გიორგი არველაძე, გიორგი ისაკაძე და ჯოზეფ კეი. თავად გიგი უგულავამ დღევანდელი სხდომის დაწყებამდე ჯოზეფ კეის უწოდა ”გამოძიების ოქროს მოწმე, ივანიშვილის ჯოკერი” და ”ყველასთვის ცნობილი საერთაშორისო თაღლითი.”
XS
SM
MD
LG