Accessibility links

logo-print

შსს მინისტრმა დიპკორპუსის წარმომადგენლებს გააცნო სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების საქმე


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო სამეგრელოს რეგიონში, სპეციალურ სამალავებში იარაღის, ნარკოტიკების, წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილთა მონაცემების არქივის და ადამიანების წამების და ღირსების შემლახველი მოპყრობის ამსახველი ვიდეომასალების აღმოჩენის საქმე. დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ 9 პირია დაკავებული სპეციალურ სამალავებში აღმოჩენილი მასალების საქმეზე. მინისტრის განცხადებით, ”ვიდეომასალა საშინელია, განსაკუთრებით ორი, სადაც აღბეჭდილია ადამიანის წამება და გაუპატიურება.” ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიებამ დაადგინა ვინაობა 2 ნაწამები პირისა, რომლებიც კადრებში ჩანან. შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დღეს დილით დაკავებულ 9 პირს შორის ერთი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელია, 2 კი ყოფილი პოლიციელი. ღარიბაშვილის თქმით, ასევე დაკავებულია პირი, რომელიც ვიდეოკადრების თანახმად, გაუპატიურებაში უშუალოდ მონაწილეობდა. დღესვე შს მინისტრმა სიცრუე უწოდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებას, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი ოფიციალურად იყო რეგისტრირებული და შს ან თავდაცვის სამინისტროებს ეკუთვნოდა. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფერის უკან. "მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი და უნდა დადგეს პასუხისმგებლობის საკითხი თანამდებობის ყველა იმ პირისა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG