Accessibility links

კნუტ ვოლებეკი: „სოფელ დიცში მავთულხლართების აგება არ უნდა გაგრძელდეს"


„ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც, საბედნიეროდ, მავთულხლართები დაიშალა. ახლები აღარ უნდა აიგოს“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კნუტ ვოლებეკმა, ეუთოს უმაღლესმა კომისარმა ეროვნული უმცირესობების საკითხებში. 20 ივნისს კნუტ ვოლებეკი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად სოფლებში - დიცსა და ხურვალეთში იმყოფებოდა. კნუტ ვოლებეკმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მავთულხლართების აგება ჰუმანიტარული პრობლემების შექმნის გარდა უსაფრთხოების საკითხს ეხება. „ეს ჰუმანიტარული საკითხია. ეს აშკარაა. მაგრამ, მე ამას ვუყურებ, როგორც უსაფრთხოების საკითხს, რადგან ეს ქმნის დაძაბულობას, იწვევს ადამიანების აღშფოთებას, რაც არ მესმის, რატომ უნდა სურდეთ მათ, ვინც ამ მავთულხლართებს აგებენ. ასე რომ, მე დღეს უკვე ვთქვი და გავიმეორებ - რაც უკვე აიგო, უნდა დაინგრეს. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც, საბედნიეროდ, მავთულხლართები დაიშალა. ახლები აღარ უნდა აიგოს. იქ კი, სადაც პროცესი დაიწყო, მაგრამ ჯერ არ აგებულა - მაგალითად, დიცში, სადაც ბოძებისთვის საფუძველი ჩაყრილია, მნიშვნელოვანია არ გაგრძელდეს მავთულხლართების აგება. ეს საკითხი უნდა გადაიხედოს. ეს არის ჩემი გზავნილი და ამ საკითხს მე წამოვჭრი ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე ივლისში“, - აცხადებს კნუტ ვოლებეკი - ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში. მის ამ და სხვა მოსაზრებებს რადიო თავისუფლება პარასკევის გადაცემაში, რადიო-ჟურნალ „მეათე სტუდიაში“ შემოგთავაზებთ.
XS
SM
MD
LG