Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიში შეიცვლება


ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრამ ოთხ საათს გასტანა. განხილვის საგანი იყო 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ მომზადებული ანგარიში. მონაწილეები შეხვედრის შედეგებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, ძირითად საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია.

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც კომიტეტის წევრები, ასევე იურისტი თამარ გურჩიანი, ორგანიზაცია „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძე, ჟურნალისტი ნინო დანელია და სხვები.

თამარ გურჩიანი შეხვედრით ძალიან კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ კომიტეტმა თითქმის ყველა მათი მოთხოვნა გაითვალისწინა:

„ბევრ პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შედგა შეთანხმება. კომიტეტი დაგვთანხმდა, ამოიღონ დასკვნის პროექტიდან ისეთი საკითხები, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინება, პროპაგანდა, პასაჟი ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების შესახებ, რომელიც სრულიად არაადეკვატური იყო. ასევე ის, რომ 17 მაისის კონტრდემონსტრაცია მშვიდობიანი არ იყო და ისიც, რომ შსს-მ პრევენციული ზომები არ გაატარა“.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის გედევან ფოფხაძის თქმით, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეხვედრაზე დაძაბულობა არ იგრძნობოდა. ფოფხაძე ამბობს, რომ არასამთავრობო სექტორი მოითხოვდა, ტექსტში უფრო მეტი აქცენტი 17 მაისს განხორციელებულ ძალადობაზე ყოფილიყო.

რაზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს არის სწორედ ის საკითხები, რაზედაც კომიტეტმა დამატებით დრო ითხოვა, რომ შეცვალოს. მაგალითად, ის, რომ რელიგიის თავისუფლებაზე კი არ გააკეთოს აქცენტი, არამედ გამოხატვის თავისუფლებაზე...
თამარ გურჩიანი
„აქცენტების შეცვლაზეა საუბარი, რომ აქცენტები შეიცვალოს მხარის მიერ ძალადობის გამოყენების კუთხით. ეს აქცენტები ისედაც იყო, მაგრამ მაინც", - განაცხადა ფოფხაძემ.

დაიგეგმა კიდევ ორი შეხვედრა საბოლოო შეთანხმებისთვის. რჩება საკითხები, რომლებიც ჯერ კიდევ სადავოა.

„რაზეც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, ეს არის სწორედ ის საკითხები, რაზედაც კომიტეტმა დამატებით დრო ითხოვა, რომ შეცვალოს. მაგალითად, ის, რომ რელიგიის თავისუფლებაზე კი არ გააკეთოს აქცენტი, არამედ გამოხატვის თავისუფლებაზე. ასევე ის, რომ შსს-ს პრევენციული ზომების შესახებ დასკვნები ცოტა შეცვალოს. პრინციპული წინააღმდეგობა ჩვენს შორის არ ყოფილა", - განმარტა თამარ გურჩიანმა.

იმასვე ამბობს „იდენტობის“ წარმომადგენელი ირაკლი ვაჭარაძეც. მისი თქმით, ტექსტში უნდა ჩაიწეროს ისიც, რომ სამართალდამცავებმა წინასწარ ვერ განჭვრიტეს მოსალოდნელი საფრთხე:

„პირველ რიგში, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ კომიტეტმა ამოიღო პროპაგანდაზე ტერმინები. ასევე დაემატება ნაწილი, სადაც ორივე მხარის შეკრებაზე კი არ იქნება საუბარი, არამედ იმაზე, რომ მონაწილეთა ნაწილი, რომელიც გასცდა კანონიერ საფუძველს, აღარ იყო დაცული შეკრების თავისუფლების პრინციპით და ეს იყო ცალსახად დანაშაული. თუმცა ეს არ ეხება მთლიან დემონსტრაციას, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გასცდნენ კანონის ფარგლებს“.

ვაჭარაძე აცხადებს, რომ ამ შეხვედრით ძალიან კარგი პროცესი დაიწყო და იმედი აქვს, რომ ასევე გაგრძელდება.
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG