Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სირიის მეგობართა ჯგუფმა“ იმსჯელა მეამბოხეებისთვის დახმარების აღმოჩენაზე


„სირიის მეგობართა ჯგუფში“ შემავალი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შაბათს მოლაპარაკება გამართეს იმის შესახებ, თუ რა გზებით შეიძლება დამასკში რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეებისთვის გაწეული დახმარების გაძლიერება. შეხვედრის მასპინძელი ყატარის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰამად ბინ იაჰიმ ალ-თანიმ განაცხადა, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა მეამბოხეებისთვის იარაღის მიწოდებააო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 11 ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის, ევროპის და რეგიონული სახელმწიფოების წარმომადგენლებმა. ვაშინგტონის მიერ გასულ კვირაში გაკეთებული განცხადებით, არსებობს მტკიცებულება, რომ სირიის მთავრობა ქიმიურ იარაღს იყენებს და ვაშინგტონი ახლა მზად არის მეამბოხეებისთვის იარაღის მისაწოდებლად. ევროკავშირმა მოხსნა ემბარგო, რომელიც ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებაზე იყო დაწესებული. სირიაში მეამბოხეებმა ბოლო პერიოდში უკან დაიხიეს მთავრობის ძალებთან ბრძოლაში. სირიის რეჟიმს მხარს უჭერენ რუსეთი, ირანი და ჰესბოლა. სირიიელმა აქტივისტებმა დღესაც გაავრცელეს ცნობები იმის თაობაზე, რომ მთავრობის ძალებმა გააძლიერეს შეტევა დამასკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ უბნებზე, რომლებსაც მეამბოხეები აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG