Accessibility links

სააკაშვილი აცხადებს, რომ იარაღის საწყობების შექმნა მისი დავალება იყო


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ იარაღის სამალავი, რომელიც, როგორც შსს ამბობს, სამეგრელოში იქნა აღმოჩენილი, სინამდვილეში წარმოადგენდა იმ საიდუმლო საწყობების ნაწილს, რომელთა შექმნის ბრძანებაც მან გასცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. სააკაშვილის თქმით, საწყობები შედიოდა უფრო ფართო თავდაცვით გეგმაში, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განახლების შემთხვევაში უნდა გამოყენებულიყო. „იარაღის საწყობები, რომ კეთდებოდა ამაში ახალი არაფერი არაა არც ჩემთვის, არც ახალი მთავრობისთვის არც თავდაცვის სამინისტროსთვის. იარაღის საწყობებში ვიდეო კადრები, რომ არ იყო მე მგონი ყველა ვხვდებით“ - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც გორში იმყოფებოდა, ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი ხელისუფლების პირობებში ადამიანების წამება ცალკეულ შემთხვევებს წარმოადგენდა: „თუ ვინმეს ხელი წაუცდა კრიმინალზე უნდა დაისაჯოს. იმის ლაპარაკი, რომ მასობრივად ან ბევრი რაოდენობის ხალხს ასეთი რაღაც ხდებოდა, ჩვენ ხომ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სიცრუეში ხომ არ ვცხოვრობდით“ - განაცხადა მან. 17 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელოში აღმოჩენილ იქნა სამალავი, სადაც განთავსებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებები, ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებები, კომპრომატები წინა ხელისუფლების ოპონენტებზე და ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალა.
XS
SM
MD
LG