Accessibility links

logo-print
სტივენ სპილბერგის საკულტო ფილმის, „იურიული პერიოდის პარკის“ გამოსვლიდან ოცი წელი გავიდა. ალბათ გახსოვთ: ფილმში მოქმედება ხდება გამოგონილ კუნძულზე, სადაც მილიარდერმა ფილანთროპმა და გენეტიკოს მეცნიერთა ჯგუფმა შექმნეს გასართობი პარკი კლონირებული დინოზავრებით. თუმცა, „იურიული პერიოდის პარკში“ თავგადასავალი 1993 წელს არ დასრულებულა. მაყურებელმა უკვე იხილა ფილმის ორი გაგრძელება. ხოლო გაისად ეკრანებზე გამოვა „იურიული პერიოდის პარკის“ მეოთხე სერია. ამასობაში გასული 20 წლის მანძილზე მეცნიერებმა გაცილებით მეტი შეიტყვეს დინოზავრებზე, ვიდრე ფილმის გამოსვლის დროს იყო ცნობილი. ინტერნეტ-გამოცემა „ლაივ საიენსის“ თანახმად, ბევრი ახალი აღმოჩენა ეწინააღმდეგება დინოზავრების შესახებ ჩვენს წარმოდგენებს, წლების მანძილზე ჰოლივუდმა და პოპულარულმა კულტურამ რომ შეგვიქმნა.

სპილბერგის „იურიული პერიოდის პარკში“ დინოზავრები უზარმაზარი, საზარელი და ქერცლოვანი რეპტილიები არიან. არადა, თუ უახლეს გამოკვლევებს დავუჯერებთ, მტაცებელი დინოზავრების უმეტესობას კანი ბუმბულით ჰქონდა დაფარული. შარშან მეცნიერებმა ჩინეთში აღმოაჩინეს ბუმბულიანი ტირანოზავრის, იუტირანის ჰუალის ნაშთი. ის ცნობილი ტირანოზავრ-რექსის უმცროსი ნათესავია. კანი ბუმბულით ჰქონდა დაფარული მტაცებელი დინოზავრების კიდევ ერთ სახეობას, ველოცირაპტორსაც. ამაზე მიანიშნებს 2007 წელს ველოცირაპტორის მკლავებზე ნაპოვნი ბუმბულის ძირები.

ამის შესახებ იცოდა სპილბერგმაც „იურიული პერიოდის პარკის“ გაგრძელების გადაღებისას. მაგრამ მან მაინც გადაწყვიტა, დინოზავრები ქერცლოვან რეპტილიებად წარმოედგინა, რათა ისინი პირველი სერიის დინოზავრებისაგან რადიკალურად განსხვავებული არ ყოფილიყვნენ.

ბოლო წლებში გაკეთებულმა კიდევ ერთმა აღმოჩენამ ახლებურად დაგვანახვა სპილბერგის ფილმის ერთ-ერთი მთავარი ბოროტმოქმედი, ტირანოზავრ-რექსი. ფილმში ტირანოზავრი საზარელი ცხოველია, რომელიც ჯიპებში გამომწყვდეულ მეცნიერებსა და ბავშვებს დასდევს. თუმცა, გამოკვლევების თანახმად, ტირანოზავრი, რომელსაც დიდი თავი, უზარმაზარი კბილები და პატარა თათები ჰქონდა, ვერ იქნებოდა ისეთი აქტიური მტაცებელი, როგორიც უმეტესობას ეგონა. სინამდვილეში ტირანოზავრი უმეტესწილად სუსტსა და ავადმყოფ დინოზავრებზე ნადირობდა ან სხვების ნანადირევით იკვებებოდა. ტირანოზავრი ზარმაცი და მოუქნელი მტაცებელი უფრო იყო, ვიდრე დინოზავრების თავზარდამცემი მეფე.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპილბერგის საკულტო ფილმის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა, კლონირებაა. 1996 წელს მეცნიერებმა შექმნეს პირველი ზრდასრული ცხოველის კლონი, ცხვარი სახელად დოლი. გენეტიკური ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ზოგიერთმა მკვლევარმა დაიწყო ფიქრი გადაშენებული სახეობების კლონირებაზე. შარშან სამხრეთკორეელი და რუსი მეცნიერების ჯგუფმა გამოაცხადა, რომ მამონტის კლონირებას აპირებს.

კანადის ქალაქ ჰამილტონის მაკმასტერის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგიის ექსპერტი ჰენდრიკ პოინარი ამბობს, რომ ტექნოლოგიური მიღწევები შესაძლებელს ხდის გადაშენებული სახეობების დნმ-ის აღდგენას. ციმბირში აღმოჩენილი მამონტის კარგად შენახული კანის წყალობით პოინარმა კოლეგებთან ერთად მამონტის დნმ-ის სინთეზირება შეძლო. პოინარის ვარაუდით, კლონირებულ მამონტს დაახლოებით ათ წელიწადში ვიხილავთ.

მართალია, მეცნიერები უკვე მამონტის კლონირებაზე საუბრობენ, მაგრამ დინოზავრების მოყვარულებს დიდი იმედგაცრუება ელოდებათ. შარშან მკვლევრებმა დაადგინეს, რომ „იურიული პერიოდის პარკი“ სინამდვილეში ვერასოდეს განხორციელდება. ამის მიზეზად ისინი დინოზავრების დნმ-ის დაძველებას ასახელებენ. მეტისმეტად დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ამ საზარელი ხვლიკების დნმ-ი განადგურდა. როგორც ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, დნმ-ის მოლეკულა ექვს ან შვიდ მილიონ წელიწადში მთლიანად ირღვევა და ნადგურდება. ამგვარად მეცნიერებს შეუძლიათ აღადგინონ შედარებით ახლახან გადაშენებული ცხოველების, მათ შორის მამონტის დნმ-ი. უკანასკნელი ტირანოზავრ-რექსი 65 მილიონი წლის წინ გადაშენდა და, ამგვარად, მისი კლონირება შეუძლებელია.

„იურიული პერიოდის პარკის“ ახალი სერია მეცნიერების კიდევ არაერთ აღმოჩენას გადაფარავს ჰოლივუდის წითელი ხალიჩით. ცნობილი პალეონტოლოგისა და სპილბერგის ტექნიკური მრჩევლის, ჯეკ ჰორნერის განცხადებით, „სპილბერგმა დინოზავრები მსახიობებად აქცია“. მსახიობებს კი, რა თქმა უნდა, ეპატიებათ პატარა ტყუილები.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG