Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო კიდევ რამდენიმე კანონპროექტს


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, ვეტო დაადო კიდევ რამდენიმე კანონპროექტს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა ქვეყნის პირველი პირის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ. "საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და ვეტო დაადო პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის "მაუწყებლის შესახებ" კანონში, ასევე საკანონმდებლო ცვლილებებს "საარჩევნო კოდექსსა" და "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში", - აღნიშნა მანჯგალაძემ. მისივე განმარტებით, მოტივირებული შენიშვნები, რომლითაც ქვეყნის პირველმა პირმა უკან დაუბრუნა კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს, ითვალისწინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობის და მის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შენარჩუნებას და კიდევ უფრო განმტკიცებას. "პარლამენტის მიერ მიღებული კანონის პროექტი არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის მიმართ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებისთვის საჭირო კვორუმს, რაც ცალსახად უქმნის საფრთხეს მეურვეთა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპს. ამავდროულად, კანონპროექტის მიხედვით, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ სამეურვეო საბჭოს ცალკეულ წევრთა, არამედ მთლიანად სამეურვეო საბჭოს მიმართ უნდობლობის გამოცხადება და უფლებამოსილების შეწყვეტა. მოქმედი კანონი ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. კანონპროექტის აღნიშნული დებულებები არსებითად ამცირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მის წევრთა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან დამოუკიდებლობას და ქმნის პოლიტიკური მოტივაციით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა თანამდებობიდან გათავისუფლების საფრთხეს", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.
XS
SM
MD
LG