Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს დაპირებები არ შეცვლილა


ანდერს ფოგ რასმუსენი, ბიძინა ივანიშვილი
ანდერს ფოგ რასმუსენი, ბიძინა ივანიშვილი
26 ივნისს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ეწვია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაცია, ნატოს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც სასტუმრო ”რადისონ ბლუ ივერიაში” დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა ერთად შეაფასეს საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულების პროცესი. მანამდე კი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი პრესკონფერენცია. რამდენად ახლოსაა საქართველო ნატოსთან და რა მესიჯები ჩამოიტანა საქართველოში ანდერს ფოგ რასმუსენმა?

ნატოს გენერალურმა მდივანმა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ელჩებმა, ბუნებრივია, ვერც ამჯერად ჩამოიტანეს პასუხი შეკითხვაზე, თუ როდის გაწევრიანდება საქართველო ნატოში და ეს იმიტომ, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის საინტერესო ამ კონკრეტულ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხი, უბრალოდ, არ არსებობს. სამაგიეროდ, 26 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა გაიმეორა, რომ ნატოს კარი კვლავაც ღიაა და ალიანსი ერთგული რჩება 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე მიღებული
ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო ერთ დღეს აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და ეს მას შემდეგ მოხდება, რაც სახელმწიფო დემოკრატიული განვითარების სათანადო სტანდარტებს მიაღწევს. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საქართველომ უკვე ბევრი გააკეთა დემოკრატიული განვითარების გზაზე და ამჟამად პრიორიტეტს წარმოადგენს რეფორმების პროცესის გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია უკვე მტკიცეა:

”ეს ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით. ძალადობა, რომელიც ჩვენ თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ, არ უნდა ვლინდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში. მშვიდობიანი შეკრებისა და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება ფუნდამენტურია დემოკრატიისთვის.იმის დემონსტრირებისთვის, რომ დემოკრატიას ღრმად აქვს ფესვები გამდგარი, საჭიროა შედეგიანი პოლიტიკური კოჰაბიტაცია, კანონის უზენაესობის მტკიცე აღიარება და იმის უზრუნველყოფა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წელს ძალიან მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს”.

ნატოს გენერალური მდივნის გამოსვლაში პრესკონფერენციაზე ცალკე არ ყოფილა გამოყოფილი პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ეჭვების აქცენტი, რაზეც მან ბოლო თვეებში სხვადასხვა დროს გაკეთებულ კომენტარებში არაერთხელ გაამახვილა ყურადღება. თუმცა 26 ივნისს, პრესკონფერენციის შემდეგ, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შესავალ სიტყვაში, როცა ნატოს მოლოდინებზე ლაპარაკობდა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა მიმართა უშუალოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ აუცილებელია პოლიტიკური ჩარევებისგან თავისუფალი მასთლმსაჯულების უზრუნველყოფა.
დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და მაპის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში და მაპი არ არის, ვთქვათ, ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ და ასე ჩაიწერება თუ სხვანაირად ჩაიწერება, ამაზე პოლემიკა ავწიოთ...
ბიძინა ივანიშვილი

პრესკონფერენციაზე დასმულ შეკითხვაზე - არის თუ არა საქართველო ახლა უფრო ახლოს ნატოსთან - ალიანსის გენერალურმა მდივანმა თქვა, რომ აშკარაა პროგრესი მას შემდეგ, რაც ის წლების წინ საქართველოს დანიის პრემიერ-მინისტრის რანგში სტუმრობდა. ბიძინა ივანიშვილის დაკვირვებით, ახალი ხელისუფლების პროგრესის შესახებ საუბარს ანდერს ფოგ რასმუსენმა შეგნებულად აარიდა თავი, თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგანაც პროგრესი აშკარაა და რომ ის კიდევ უფრო ხილული გახდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. თუკი ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კომენტარში პრემიერ-მინისტრმა ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მიღება საქართველოსთვის 2014 წლის პრიორიტეტად დაასახელა, ამჟამად ის ამბობს, რომ ნატოსკენ მიმავალ გზაზე საქართველოს მაპი შესაძლოა სულაც აღარ დასჭირდეს:

”დღესაც გვქონდა ჩვენ საუბარი ამ შეხვედრაზე, რომ ეს არ არის პრინციპული და მაპის გარეშეც არიან სახელმწიფოები შესული ნატოში და მაპი არ არის, ვთქვათ, ისეთი თემა, რომელიც უნდა აიწიოს და ჩვენ ახალი სამიზნე გავაკეთოთ და ასე ჩაიწერება თუ სხვანაირად ჩაიწერება, ამაზე პოლემიკა ავწიოთ. შესაბამისად, ჩვენ აუცილებლად პროგრესს მივაღწევთ და ბატონმა გენერალურმა მდივანმაც ამაზე დღეს ისაუბრა და აქცენტი გააკეთა, მაგრამ ჩვენ ტერმინებით არ უნდა დავწვრილმანდეთ და ტერმინებზე არ უნდა გავაკეთოთ ძირითადი აქცენტი და თანაც - ნაადრევად”.

ბიძინა ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველო, რომელმაც დიდი მსხვერპლი გაიღო, კვლავაც სიამაყით განაგრძობს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში ავღანეთში და რომ ქვეყანა ასევე იაქტიურებს 2014 წლის შემდეგაც, როდესაც ნატოს საბრძოლო მისია ავღანეთში ადგილობრივი უსაფრთხოების ძალების სასწავლო და საკონსულტაციო მისიად გარდაიქმნება. იმას, რომ საქართველოს მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ქვეყნის გამორჩეულ წვლილს ISAF-ის მისიაში ნატოც შესაბამისად აფასებს, ეს 26 ივნისს პრესკონფერენციაზეც აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო. თუმცა, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში იმისთვის კი არ არიან, რომ ამით ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მიაღწიონ, არამედ არიან იმისთვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლით უფრო უსაფრთხო გახდეს საქართველოს მომავალი.
ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, როგორც პრემიერ-მინისტრი ამბობს, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მიზანი სულაც არ არის სახიფათო რუსეთისთვის და, მოსკოვის განწყობის მიუხედავად, საქართველო არ უღალატებს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

”რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ეს არ სიამოვნებდა და არ ესიამოვნება ხვალაც, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, მაგრამ მთავარია, რომ ეს სიამოვნებს ქართველ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას და ჩვენ მას ვუწევთ ძირითადად ანგარიშს და ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება ან წინა ხელისუფლების, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ევროპული და ევროატლანტიკური სივრცე არის ჩვენი სტრატეგია და ჩვენ განუხრელად გავაგრძელებთ სწრაფვას და ეს არის გადასაწყვეტი ჩვენი და ჩვენი ხალხის და გადასაწყვეტია ნატოს წევრი ქვეყნების”.

რუსეთზე საუბარი ბიძინა ივანიშვილმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზეც გააგრძელა და აღნიშნა, რომ რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი და ის არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ნატოს გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო, ჩრდილოატლანტიკური საბჭო, ალიანსის გენერალური მდივნის ხელმძღვანელობით, უკვე მესამედ ეწვია საქართველოს ნატო-საქართველოს კომისიის დაარსების შემდეგ. პირველი ვიზიტი 2008 წლის სექტემბერში შედგა, როდესაც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი სულ ახალი დასრულებული იყო; მეორე ვიზიტი კი 2011 წლის ნოემბერში განხორციელდა. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციის 27 ივნისის დღის წესრიგი მეტად დატვირთულია შეხვედრებით ხელისუფლების, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ მედიის წარმომადგენლებთან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG