Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: ნატოს წევრობა საქართველოს მოსახლეობის გადაწყვეტილებაა


საპრეზიდენტო არჩევნები იქნება ბოლო წერტილი იმისთვის, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ დაინახონ საქართველოს ახალი ხელისუფლების რეალური სახე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა ნატოს გენერალურ მდივანთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას ადასტურებს და თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რათა ქვეყანა რაც შეიძლება მალე გახდეს ალიანსის წევრი. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნატოს გენერალურ მდივანთან ისაუბრეს რუსეთთან ურთიერთობის საკითხზეც. "სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებული წარმატებული ნაბიჯები მისასალმებელია, მაგრამ შეშფოთება გამოვთქვით იმის გამო, რაც ხდება კონფლიქტისპირა სოფლებში, სადაც მიმდინარეობს მავთულხლართების გაბმა, ეს კი პოზიტიური ნაბიჯების პარალელურად გაუგებარია და თვითონ რუსეთისთვისაც არ არის დამატებითი პლუსების მომტანი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველო მოახერხებს იმის შესაბამისად განმარტებას, რომ ნატოში გაწევრიანება რუსეთის ინტერესებს არ აზიანებს. "რაც შეეხება იმას, რომ რუსეთს ნატოში საქართველოს შესვლა არ სიამოვნებს და არ ესიამოვნება ხვალაც, ეს ყველამ კარგად იცის. მთავარია, რომ ეს სიამოვნებს საქართველოს მოსახლეობას და სწორედ მისი და არა წინა ხელისუფლების ან ამჟამინდელის გადაწყვეტილებაა ნატოს წევრობა”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
XS
SM
MD
LG