Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა ანდერს ფოგ რასმუსენისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა


ნატოს გენერალური მდივანი, რომელიც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეხვედრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ 2008 წელს, ნატოს სამიტზე დასახული მოთხოვნების შესასრულებლად საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა. რასმუსენმა კვლავ დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველო ნატოს წევრი გახდება. ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ადასტურებს მის ვალდებულებებს ევროატლანტიკური მისწრაფების გზაზე. ”პრიორიტეტია რეფორმების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატია საქართველოში მყარადაა ფესვგადგმული, რაც გულისხმობს ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობების უფლებათა პატივისცემას და დემოკრატიულ საზოგადოებაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს ძალადობას, რომელიც თბილისის ქუჩებში 17 მაისს ვიხილეთ”, - განაცხადა რასმუსენმა. მან კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებების გამო, სადაც სწორედ ეს დებულებები იყო ხაზგასმული. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებითვე, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება. ”საქართველო ახლა უკვე ახლოსაა ნატოსთან, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი”, - განაცხადა რასმუსენმა.
XS
SM
MD
LG