Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დააკავეს და მალე გაათავისუფლეს თბილისის მერიისა და საკრებულოს 20-ზე მეტი თანამშრომელი


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს დილით დააკავა და მოგვიანებით გაათავისუფლა თბილისის მერიისა და საკრებულოს 20-ზე მეტი თანამშრომელი, მათ შორის თბილისის საკრებულოს ორი წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან". "ნაციონალური მოძრაობა" ამ ქმედებას ოპონენტებზე ზეწოლის კამპანიას უკავშირებს. დაკავებულთა შორის იყვნენ თბილისის მერის ორი მოადგილე, დავით ალავიძე და დავით ნინიძე, აგრეთვე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი. ახვლედიანის ვარაუდით, დაკავება უკავშირდება საკრებულოს ხვალისათვის დანიშნულ სხდომას, რათა ნაციონალური მოძრაობის ოპონენტებმა „დაშინების გზით მოიპოვონ ნანატრი უმრავლესობა“. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ თბილისის მერიის და გამგეობების თანამშრომლები „მოწმის სახით დაიკითხნენ“ სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც "მერიის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისება - გაფლანგვას" უკავშირდება. „აღნიშნული პირები დაბარებულები იყვნენ დაკითხვაზე, რის შემდეგაც მათ დატოვეს საგამოძიებო სამსახური“, - აღნიშნა საგამოძიებო სამსახურმა განცხადებაში. იუწყებიან აგრეთვე, რომ თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, რომლებიც დღეს ფინანსურმა პოლიციამ დააკავა, პროკურატურაში სარჩელის შეტანას აპირებენ. ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომლის თქმითაც, უკანონოდ მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, მერიისა და გამგეობების 30-მდე თანამშრომლის დაკავება.
XS
SM
MD
LG