Accessibility links

logo-print

გიორგი მარტოა – არშემდგარი აქცია პოლიციასთან


გიორგი პაპიაშვილი

გიორგი პაპიაშვილი

რამდენიმე დღის წინ გიორგი პაპიაშვილის მიერ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუს გორში დიდი ხმაური მოჰყვა. სოციალურ ქსელებში დაანონსდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები სამხარეო პოლიციის შენობის წინ მის მხარდასაჭერად საპროტესტო აქციას მოაწყობდნენ, მაგრამ დაანონსებული აქცია არ შედგა. პოლიციასთან მხოლოდ ჟურნალისტები, გიორგი და მისი მეგობრები მივიდნენ. გიორგი პაპიაშვილი გორის პოლიციის თანამშრომლებს ცემასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. გიორგის სახეზე ცემის ნაკვალევი ახლაც ეტყობა - თვალი აქვს ჩაშავებული. მისი თქმით, პოლიციელი თემურ სახიაშვილი მისგან მუდმივად მოითხოვდა თანამშრომლობას და სხვა პირებისთვის ნარკოტიკების ჩადებას.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პაპიაშვილმა გენერალურ ინსპექციას მიმართა, ინსპექციამ კი საქმე პროკურატურას გადასცა. მისი ადვოკატის თამარ თედლიაშვილის თქმით, პროკურატურა პაპიაშვილს დღეს დაკითხავს.

დღეს სამხარეო პოლიციასთან აქციის მონაწილეების გამოჩენას ჟურნალისტები და გიორგი პაპიაშვილი საათზე მეტხანს ელოდნენ. ბოლოს გაირკვა, რომ, დაანონსების მიუხედავად, იქ მისვლას არავინ აპირებდა. პაპიაშვილს სოლიდარობა მხოლოდ 2-მა ადამიანმა გამოუცხადა. გიორგი გამდლიშვილისა და ანა მაზანაშვილის აზრით, გორში იგივე პროცესები დაიწყო, რაც 9 წლის წინ ხდებოდა.

საპროტესტო აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპის მოქალაქემ“ დააანონსა. ამ ორგანიზაციის ლიდერი ლაშა ჯიოშვილი პარალელურად საჯარო სამსახურშია დასაქმებული და კოალიციაში შემავალი პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრია. პოლიციასთან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯიოშვილი და მისი თანამოაზრე სტუდენტები წუხელ დააშინეს. რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჯიოშვილი აცხადებს, რომ ის არავის დაუშინებია და აქციაზე მხოლოდ იმის გამო არ მივიდა, რომ ამას პოლიტიკური ელფერი არ მისცემოდა და ისე არ გამოსულიყო, რომ კოალიციის წარმომადგენელი პოლიციას უპირისპირდება.

გიორგი პაპიაშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრია. იგი გაკვირვებულია, მისი თანაპარტიელები, რომლებიც მას გუშინ მხარდაჭერას უცხადებდნენ, ერთ დღეში რამ შეცვალა.
XS
SM
MD
LG