Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები


საქართველოში საარჩევნო კამპანია დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მმართველი კოალიციის სახელით კენჭს იყრის გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ კამპანიის ოფიციალურად დაწყებისთანავე განათლების მინისტრის პოსტიდან გადადგება. მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ კანონი თანამდებობიდან გადადგომას არ ავალდებულებს, მაგრამ ”ქართულ ოცნებას” პოლიტიკური კულტურის ახალი სტანდარტის დამკვიდრება სურს. პრეზიდენტობის კანდიდატს ნაციონალური მოძრაობა შეარჩევს პრაიმერით, რომლის პირველი ტურის შედეგად დავით ბაქრაძე ლიდერობს. დადასტურებულია, რომ პრეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიან ნინო ბურჯანაძე, ნესტან კირთაძე და შალვა ნათელაშვილი. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს შეადარა დიდგორის ბრძოლას და საარჩევნო კოდექსის შეცვლა მოითხოვა, რადგან მიიჩნევს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საკითხს ორ კვირაში გადაწყვეტს ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია კი კანდიდატობას სთავაზობს ცნობილ ბანს პაატა ბურჭულაძეს. ”ქართული დასის” ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღეს განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძის საბოლოო გადაწყვეტილება მისი საიუბილეო კონცერტის, ანუ 9 ივლისის შემდეგ გაირკვევა. 1 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩევნების 2 თარიღი გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დღედ თავდაპირველად დასახელდა 27, შემდეგ კი 31 ოქტომბერი, რაც ადმინისტრაციამ ”ტექნიკური შეცდომით” ახსნა.
XS
SM
MD
LG