Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცნობია როდის გაავრცელებს განცხადებას ეგვიპტის არმია


ეგვიპტის არმია აცხადებს, რომ არ განუსაზღვრავს ზუსტი დრო განცხადების გასავრცელებლად - მას შემდეგ, რაც ვადა გაუვიდა არმიის მხრიდან პრეზიდენტ მუჰამედ მურსისთვის წაყენებულ ულტიმატუმს ოპოზიციასთან კომპრომისის საპოვნელად. თუ ამგვარი კომპრომისი არ შედგა, არმია თავის გეგმას წარმოადგენს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის მიზნით. ბოლო განცხადება არმიამ „ფეისბუქის“ მეშვეობით გააკეთა, ულტიმატუმის ვადის გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე. არმიამ დაიწყო ზომების გატარება მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე კონტროლის გასამყარებლად. სახელმწიფო ტელევიზიის ახალი ამბების რედაქციაში ოფიცრები განათავსეს. როგორც იუწყებიან, ტელევიზიის შენობა სამხედროთა ალყაშია მოქცეული. მურსი უარს აცხადებს გადადგომაზე, მიუხედავად მის წინააღმდეგ ქუჩებში გასული მილიონობით დემონსტრანტისა. მურსის ისლამისტი მომხრეები აცხადებენ, რომ წინააღმდეგობას გაუწევენ მათი თქმით „სამხედრო გადატრიალებას“. კვირას დაწყებული შეხლა-შემოხლის შედეგად საერთო ჯამში სულ მცირე 39 ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG