Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში დროებითი პრეზიდენტი დაინიშნა


ეგვიპტეში საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი, ადლი მანსური დანიშნეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ, რაც არმიამ გადააყენა ისლამისტი პრეზიდენტი, მუჰამედ მურსი. საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ ცერემონიაზე მანსურმა შეაქო არმიის ნაბიჯები და მასობრივი საპროტესტო გამოსვლები, რომლებსაც მოჰყვა მურსის ჩამოგდება. თუმცა მან დასძინა, მურსის პოლიტიკური მოძრაობა, მუსლიმთა საძმო, ხალხის ნაწილია და მანაც უნდა მიიღოს მონაწილეობა „ერის მშენებლობაშიო“. არმიის სარდალმა, გენერალმა აბდულ ფატა ალ-სისიმ ოთხშაბათს ეგვიპტელ ხალხს განუცხადა მურსი ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს, რადგან მან „ხალხის მოთხოვნები ვერ შეასრულაო“. არმიამ გააუქმა ისლამისტების მიერ შედგენილი კონსტიტუცია და გამოაცხადა, რომ ახალ არჩევნებს დანიშნავს. არჩევნების თარიღი ცნობილი არ არის. გავრცელებული ცნობებით, ადგილი, სადაც მურსი და მისი ახლო მოკავშირეები ჰყავთ დაკავებული, არ ხმაურდება.
XS
SM
MD
LG