Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია მოითხოვს, გამჭვირვალედ წარიმართოს დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმის გამოძიება


თბილისის მერიამ საქართველოს ფინანსთა მინისტრს მოუწოდა შეასრულოს დანაპირები იმის შესახებ, რომ მერიის დაკავებულ მაღალჩინოსანთა საქმის გამოძიება უპრეცედენტოდ გამჭვირვალე იქნება. თბილისის მერია ფინანსთა სამინისტროს მიმართავს, რომ 27 ივნისს მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირების დაკავებისა და საგამოძიებო სამსახურში იძულებით მიყვანის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად გამოაქვეყნოს სამსახურის შენობის შესასვლელებთან დამონტაჟებული ვიდეოკამერებით გადაღებული მასალის ის ნაწილი, სადაც ასახულია მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელთა შენობაში შესვლის პროცესი. ”ამ ვიდეოკადრების გამოქვეყნებით ნათელი მოეფინება საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს დაკავების კანონიერების შესახებ და ეს მასალა იქნება გაცილებით ინფორმაციული, ვიდრე არაფრის მომცემი ე.წ. ბანკომატის კადრები", - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ მიმართვაში. მერიის განცხადებითვე, ვიდეოკადრების სხვადასხვა მიზეზით არარსებობა აღქმული იქნება დანაშაულის კვალის დაფარვად და უპრეცედენტო გაუმჭვირვალობად, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს დაკავების უკანონობას და მის პოლიტიკურ ხასიათს. თბილისის მერია მისი მოთხოვნის შესრულებაზე დაკვირვებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო სექტორსა და სახალხო დამცველს.
XS
SM
MD
LG