Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დროებითი ლიდერები სინანულს გამოთქვამენ დემონსტრანტების დაღუპვის გამო


ეგვიპტის დროებითი მმართველები „ღრმა სინანულს“ გამოთქვამენ დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრე დემონსტრანტების დაღუპვის გამო. კაიროში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს დემონსტრანტებს, რის შედეგადაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, დროებითმა ლიდერმა, ადლი მანსურმა შექმნა საგამოძიებო კომისია ორშაბათს დილით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად. ინციდენტი მოხდა რესპუბლიკური გვარდიის ყაზარმებთან, სადაც, როგორც ვარაუდობენ, დამხობილი პრეზიდენტია დაკავებული. არმია აცხადებს, რომ სროლაზე პასუხისმგებლობა „შეიარაღებულ ტერორისტებს“ ეკისრებათ მაშინ, როცა მურსის მომხრეები სამხედროებს ადანაშაულებენ. ინციდენტი საინფორმაციო სააგენტო როიტერსთან საუბარში აღწერა ერთ-ერთმა დაჭრილმა დემონსტრანტმა, მუჰამად ალიმ: „ეს მოხდა სამხედრო ყაზარმებთან, შესასვლელთან. დავინახე, რომ ჩემსკენ ხალხი მოდიოდა - შევტრიალდი, რომ გავქცეულიყავი, მაგრამ როცა ისევ შემოვტრიალდი, სახეში ცრემლმდენი გაზით სავსე კანისტრა მომხვდა. სახიდან სისხლი წამსკდა, ძირს დავწექი. მერე ჯარისკაცი მომვარდა, შაშხანა ჩამარტყა და მითხრა, რომ ჩვენგან, ყველასაგან იმ დღეს უნდა გაეწმინდათ მოედანი“, - უთხრა ჟურნალისტს კაიროში დაჭრილმა დემონსტრანტმა. ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას შემდეგ, რაც სამხედროებმა პრეზიდენტი მურსი გადააყენეს, ეგვიპტეში ფართომასშტაბიანი დემონსტრაციების ფონზე. ახალი მთავრობის შექმნის საკითხზე მოლაპარაკება ჩიხშია მოქცეული, რადგან მუჰამად მურსის გადაყენების მომხრე ერთ-ერთი პარტია მოლაპარაკებას გამოეთიშა ორშაბათს დემონსტრანტების დახოცვის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
XS
SM
MD
LG