Accessibility links

logo-print

კბილაშვილი: სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ბედუკაძის გათავისუფლება არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება


საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ვლადიმერ ბედუკაძის გათავისუფლების გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი თათბირი პროკურატურის თანამშრომლებთან და ეს არ ყოფილა პოლიტიკური გუნდის, მათ შორის იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება. კბილაშვილის თქმით, საქმის კურსში არ ყოფილა არც პრემიერ-მინისტრი, რომელიც დეტალებით მხოლოდ ახლახან დაინტერესდა და მას პროკურატურის არგუმენტები ორი-სამი დღის წინ გააცნო. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ მიმართვას, არჩილ კბილაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ ადამიანის წამება შეწყნარებული არ უნდა იყოს. ”არ შემიძლია ამ აზრს პატივი არ ვცე, რადგან ეს არის მორალის ყველაზე ზედა ზღვარი და თუ ამ სიმაღლიდან შევხედავთ, გათავისუფლება არ უნდა მომხდარიყო” - განაცხადა მთავარმა პროკურორმა. მისივე თქმით, ბედუკაძის შემთხვევაში უფრო სამართლიანი იქნებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მიმართვას გადაწყვეტილების გადახედვის შესახებ, არჩილ კბილაშვილმა განმარტა, რომ მსგავსი შესაძლებლობა არ არის დაშვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და, შესაბამისად, სურვილის და თავდაპირველი პოზიციის შეცვლის შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილების გადახედვა შეუძლებელია. რაც შეეხება ბედუკაძის საქმის გამო მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გათავისუფლებას, კბილაშვილმა აღნიშნა, რომ მზად არის, ეს გადაწყვეტილება ნებისმიერ დროს მოისმინოს. დღესვე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პროკურორის პოსტიდან არჩილ კბილაშვილის გათავისუფლების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
XS
SM
MD
LG