Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს ბრალდება წარედგინა


თაღლითობის და დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდება წარედგინა პარლამენტის ყოფილ ვიცე-სპიკერს რუსუდან კერვალიშვილს და მის დას მაია რჩეულიშვილს, რომლებიც სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ ჯგუფის” დამფუძნებლები და მფლობელები არიან. მათთან ერთად პროკურატურამ ბრალდებულად ცნო კომპანია ”დექსუსის” დამფუძნებელი და 33%-იანი წილის მფლობელი ივანე ცაგურია. ბრალდებულად ცნობას საფუძვლად დაედო თბილისის პროკურატურის გამოძიება, რომელიც „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ მიერ დაზარალებულ მოქალაქეთა საჩივრების საფუძველზე რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დადგენილია ამხანაგობა „თაბუკშვილი 88“-ის წევრთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხის უკანონოდ დასაკუთრების დანაშაულებრივი სქემები. პროკურატურის ინფორმაციით, 2004-2009 წლებში ამხანაგობის წევრთა მიერ ბინათმშენებლობისთვის მოზიდული იყო 27 მილიონ დოლარზე მეტი თანხა, საიდანაც მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა უკანონოდ, სხვადახვა გზით მიისაკუთრეს 11 მილიონ ლარზე მეტი და შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ამხანაგობის წევრთათვის განკუთვნილი სახლის მშენებლობა. გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების და „დექსუსის“ და მასთან დაკავშირებული კომპანია „ალიანს კაპიტალის“ უძრავი ქონება.
XS
SM
MD
LG