Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა მადლობა გადაუხადა დასავლელ პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისათვის


ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენა უწოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულებას და ამ შეთანხმებას უწოდა ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ”ეს შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან ყველა მიმართულებით იმდენად დაახლოებას, რომ ფაქტობრივად მისი განხორციელებით ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად ხასიათს მიიღებს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია 2013 წლის ნოემბერში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ამ შეთანხმების პარაფირება. ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ როგორც წინა, ისე ახალი მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები და მნიშვნელოვანი მიღწევები აისახება ვილნიუსის სამიტის შედეგებზე. კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მოუგვარებელი კონფლიქტების მწვავე პრობლემას, დასავლელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ევროკავშირი უფრო მეტად ჩაერთვება. ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა რუსეთთან დიალოგის დაწყებაზე, რაც მისი თქმით არ ნიშნავს, რომ საქართველო ორმხრივი ფორმატით შეძლებს რუსეთთან კონფლიქტის მოგვარებას და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა აღარ სჭირდება. პრემიერმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველო ჟენევის პროცესის ერთგულია.
XS
SM
MD
LG