Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკური ვარდნა და საბიუჯეტო პრობლემების მოლოდინი


საქართველოს ეკონომიკაში სულ უფრო ღრმავდება ის სიძნელეები, რომლებიც გასული წლის შემოდგომიდან დაიწყო. მიუხედავად მთავრობის ოპტიმიზმისა, უკანასკნელი ეკონომიკური მონაცემები სერიოზული ეჭვის ქვეშ აყენებს ბიუჯეტის შესრულებას. თუ ამის შესახებ თავდაპირველად მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ლაპარაკობდა, ახლა ეკონომიკის ექსპერტების დიდი ნაწილიც მსგავს ვარაუდს გამოთქვამს.

მაისის თვეში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 0%-ს გაუტოლდა. არადა, ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ორიოდე კვირით ადრე ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საკმაოდ ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

”აპრილი გაცილებით უკეთესი იყო, ვიდრე წინა თვე. 4,1 პროცენტიანი ზრდა იყო. ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ინფორმაცია აქვს და გვეუბნებიან, რომ მაისი კიდევ უფრო კარგია და ჩვენც იმედი გვაქვს, რომ ასე იქნება”.

იმ პირობებში, როდესაც დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსული თანხები 6,2 პროცენტით არის შემცირებული, ეს უკვე ნათელ სურათს იძლევა იმისა, რომ ეს 0 პროცენტიანი ზრდა საკმაოდ ეჭვის ქვეშ არის - ვფიქრობთ, რომ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 0 პროცენტი...
ნინო ევგენიძე
როგორც ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უახლესი მონაცემები ცხადყოფს, ფინანსთა მინისტრის იმედები არ გამართლდა. მაისის თვეში ეკონომიკური ზრდის არარსებობას ისიც დაემატა, რომ პირველი ექვსი თვის განმავლობაში დამატებული ღირებულების გადასახადის ბრუნვამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მინუს 6% შეადგინა. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის აზრით, მთავრობის ეკონომიკური პროგნოზები ეჭვის ქვეშ დგება:

”იმ პირობებში, როდესაც დამატებითი ღირებულების გადასახადიდან შემოსული თანხები 6,2 პროცენტით არის შემცირებული, ეს უკვე ნათელ სურათს იძლევა იმისა, რომ ეს 0 პროცენტიანი ზრდა საკმაოდ ეჭვის ქვეშ არის - ვფიქრობთ, რომ უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 0 პროცენტი. ასევე 3-4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, რომელიც პროგნოზირებული არის, საკმაოდ გართულდება, თუ მთავრობამ ნათელი მესიჯები არ გააგზავნა”.

ნინო ევგენიძე ვარაუდობს, რომ ეკონომიკის ზრდის დაბალი ტემპი პრობლემებს შეუქმნის ბიუჯეტის შესრულებასაც. მისი განცხადებით, ბიუჯეტის შესრულება მთავრობას მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც გაუჭირდა:

ბიუჯეტის შევსების პრობლემები არ გაჩნდება ნამდვილად და ყველა მონაცემი ამაზე საუბრობს. მაგრამ მთავარი ბიუჯეტის შესრულებაც არ არის, მთავარი მისი ეფექტური ხარჯვაა...
გია ხუხაშვილი
”მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ს გადასახადის ნაწილში დააკლდა 80 მილიონი, საშემოსავლო გადასახადი იყო ძალიან მაღალი მაჩვენებლით მობილიზებული. იმ პერიოდში ახალი სამუშაო ადგილები არ შექმნილა - პირიქით, შემცირდა -და ეს გაზრდილი საშემოსავლო გადასახადი ვერანაირად ვერ შევიდოდა. პირველ კვარტალში იყო კიდევ ის, რომ გეგმა შეამცირეს და ამის საფუძველზე აჩვენეს გადაჭარბება”.

ნინო ევგენიძის აზრით, ასეთ ვითარებაში მთავრობას სოციალური ვალდებულებების, უფასო ჯანდაცვის პროგრამისა თუ სხვა მსგავსი პროექტების დაფინანსება შეიძლება გაუჭირდეს.

ეკონომიკური ზრდისა და დღგ-ს ბრუნვის დაბალ მაჩვენებლებს ეჭვქვეშ არ აყენებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი, მაგრამ ის არ ფიქრობს, რომ ბიუჯეტის შესრულებას პრობლემები გაუჩნდება:

”ბიუჯეტის შევსების პრობლემები არ გაჩნდება ნამდვილად და ყველა მონაცემი ამაზე საუბრობს. მაგრამ მთავარი ბიუჯეტის შესრულებაც არ არის, მთავარი მისი ეფექტური ხარჯვაა. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი წლების განმავლობაში სრულდებოდა, ფაქტობრივად, კონკრეტულ ადამიანამდე ის არ მიდიოდა”.

თუ დაგეგმილი იყო ბიუჯეტი 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე და 3 პროცენტიან ინფლაციაზე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს დეფლაცია და ეკონომიკური ზრდა კიდევ 0 პროცენტი, სადღაც 1-2 პროცენტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამისგან პრობლემები არ შეექმნება, არის ტყუილი...
მერაბ ჯანიაშვილი
ეკონომიკური ზრდისა და ბიუჯეტის ურთიერთკავშირზე სხვაგვარად ფიქრობს ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი. მისი განცხადებით, დაბალი ეკონომიკური ზრდა უსათუოდ იმოქმედებს ბიუჯეტის შესრულებაზე:

”თუ დაგეგმილი იყო ბიუჯეტი 6 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზე და 3 პროცენტიან ინფლაციაზე, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს დეფლაცია და ეკონომიკური ზრდა კიდევ 0 პროცენტი, სადღაც 1-2 პროცენტი. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ ბიუჯეტს ამისგან პრობლემები არ შეექმნება, არის ტყუილი, იმიტომ რომ აუცილებლად შეექმნება. ალბათ, ეს შემოდგომაზე გამოჩნდება”.

მერაბ ჯანიაშვილი და ეკონომიკის სხვა ექსპერტებიც მთავრობას, განცხადებებისა და დაპირებების გარდა, ეკონომიკური პოლიტიკის რეალური შეცვლისკენ მოუწოდებენ. ”ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის აზრით, მთავრობამ ინფრასტრუქტურაში ინვესტირება უნდა გაზარდოს:

”ინვესტიციები ქვეყანაში არ შემოდის და ბიზნესიც ჯერჯერობით არ დებს ფულს ქვეყანაში ეკონომიკაში, ამიტომ რჩება მეორე გზა, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკის სტიმულირებას მხოლოდ ინფრასტრუქტურაში. იმიტომ რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაზრდილი სოციალური ვალდებულებები და შექმნილი ეკონომიკური სირთულეები აღებული სოციალური ვალდებულებების შესრულებასაც საფრთხეს უქმნის”.

ნინო ევგენიძისგან განსხვავებით, სოციალური პროგრამების შესრულებას ეჭვქვეშ არ აყენებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი. მისი განცხადებით, მთავრობა უახლოეს ხანებში ბევრ ნაბიჯს გადადგამს ეკონომიკის გამოცოცხლების მიზნით.
XS
SM
MD
LG