Accessibility links

logo-print

საფრანგეთში სარკინიგზო ავარიის მიზეზად რელსების გაუმართაობა სახელდება


საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის თანახმად, პარიზის მახლობლად მომხდარი ავარია, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, როგორც ჩანს, სარკინიგზო რელსების გაუმართაობამ გამოიწვია. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, პიერ იზარმა განუცხადა შაბათს ჟურნალისტებს, გამომძიებლებმა აღმოაჩინეს, რომ ერთ მონაკვეთზე დაზიანებული იყო რელსების დამაკავშირებელი ლითონის ორი ბოძი. დღესვე საფრანგეთის ტრანსპორტის სამინისტრომ გამორიცხა ავარიის მიზეზად ადამიანური შეცდომა. ინციდენტისას 30-მდე ადამიანი დაშავდა, მათგან რვა - სერიოზულად. ჩქაროსნული მატარებელი, რომელშიც 385 მგზავრი იმყოფებოდა, პარასკევს საღამოს გადავიდა რელსებიდან, როცა ის პარიზიდან 20 კილომეტრზე იმყოფებოდა. ადგილობრივი პრეფექტის, მიშელ ფუზოს თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. „დაღუპულთა რიცხვი დროებითია, ვინაიდან ველოდებით ძალიან ძლიერ ამწეს, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთიდან მოემართება და რომლის დამონტაჟება ძალზე რთულია. მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვიპოვეთ,“ განაცხადა ფუზომ. ეს საფრანგეთში ყველაზე უარესი სარკინიგზო ავარიაა უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში.
XS
SM
MD
LG