Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი "უხეში გამონათქვამებისაგან" თავშეკავებას ითხოვს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საპარლამენტო უმრავლესობას სთხოვს, თავი შეიკავოს ოპოზიციასთან დაკავშირებით „უხეში გამონათქვამებისაგან“. ამის შესახებ ივანიშვილმა შაბათს უთხრა ჟურნალისტებს, ურეკის კულტურის ცენტრში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. „მე ვთხოვე უმრავლესობას, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი უხეში გამონათქვამებისაგან - ოპოზიციასთან დაკავშირებით, რომ როგორმე მოვახერხოთ და ჩაცხრეს ეს დიდი მუხტი, რომელიც ხელჩართულ ბრძოლას ჰგავს უმრავლესობას და უმცირესობას შორის. გამოთქვეს პრეტენზიები უმრავლესობიდან, მიზეზებს ასახელებდნენ. მე ვთხოვე, რომ, რამდენადაც უმრავლესობაში ხართ, თქვენ გააკეთეთ პირველი ნაბიჯი და მოახერხეთ, რომ ჩაცხრეს ეს დიდი ვნებათაღელვა და ჩვენ მოვახერხოთ, პოზიტივში გადავიყვანოთ თანამშრომლობა. ნუ გვავიწყდება, რომ ერთი ქვეყანა გვაქვს ჩვენ - უმრავლესობასაც და უმცირესობასაც და უნდა მოვახერხოთ, ჩვენი ენერგია არა ერთმანეთთან კინკლაობასა და ბრძოლაში დავხარჯოთ, არამედ ქვეყნისათვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გადავიტანოთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ურეკში საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წევრებთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრის მთავარ თემად საპრეზიდენტო კამპანია სახელდება. იუწყებიან, რომ ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებს ასევე მოუწოდა, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისგან, რომლებმაც შესაძლოა, გავლენა მოახდინოს სასამართლოზე.
XS
SM
MD
LG