Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

კიბორჩხალა თევზის სანაცვლოდ


ტაბაწყურის ტბა
ტაბაწყურის ტბა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე ტბით ადგილობრივი მოსახლეობა სამი წელია ვეღარ სარგებლობს. 2010 წელს აუქციონზე გაყიდული ტბა კერძო საკუთრებაში ამავე სოფელში დაბადებულს, ამჟამად კი სომხეთის მოქალაქეს, ვართაზ აივაზიანს გადაეცა. ტბის მეპატრონე ადგილზე კიბორჩხალების ბიზნესის განვითარებას გეგმავს. ტბაში კიბორჩხალების გაშვების პარალელურად თევზი ნადგურდება, რომელიც ადგილობრივებისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ტაბაწყურელები დახმარებას ითხოვენ.

2010 წლამდე ტაბაწყურის ტბით ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ტაბაწყური და მოლითი - სარგებლობდა. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფელში საცხოვრებლად ელემენტარული პირობები არ არსებობს. ზამთარი აქ 7 თვეს გრძელდება. სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. მოსახლეობა ირწმუნება, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო თევზჭერა იყო, რომელიც მესამე წელია ტბის მეპატრონემ აკრძალა.

ტაბაწყურელებმა კომპანიის წარმომადგენლებს ტბის სოფლის მოსახლეობისათვის გადაცემა მრავალჯერ მოსთხოვეს. ტბაზე თევზაობის უფლების დაბრუნების მოთხოვნით მათ როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებასაც არაერთხელ მიმართეს, მაგრამ საკითხი ვერ გადაწყდა. ტბის გაყიდვის შემდეგ სოფელში პრობლემებმა იმატა. 400-მდე ოჯახის საარსებო წყარო მხოლოდ თევზჭერა და მისგან მიღებული შემოსავალია. ადგილობრივი ნინო მინაძე ამბობს, რომ სოფლიდან ახალგაზრდების მიგრაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ტბა გაიყიდა.

ტბა, აუქციონის წესით, 2010 წელს გაიყიდა და მისი განკარგვის უფლება ამავე სოფელში დაბადებულმა, თუმცა ამჟამად სომხეთის მოქალაქემ, ვართაზ აივაზიანმა მიიღო. მან ტბაში თევზის ნაცვლად კიბორჩხალების ბიზნესის განვითარება გადაწყვიტა. ტაბაწყურში ამბობენ, რომ ,,ტბების“ ხელმძღვანელობამ ყველა მოატყუა და მინიჭებული 2 ტონის ნაცვლად ტბაში 18 ტონა კიბორჩხალა ჩაუშვა, რამაც თევზები თითქმის მთლიანად გააქრო. მისი წარმომადგენელი რაჩიკ სუმბათიანი შპს „ტბების“ საქმიანობას გამჭვირვალეს უწოდებს და აცხადებს, რომ კომპანია კანონიერად მუშაობს.
რაჩიკ სუმბათიანის განცხადებით, ტბის განკარგვის უფლება შპს ,,ტბებმა“ სახელმწიფოსგან 20 წლიანი ლიცენზიით 3 წლის წინ მიიღო. სწორედ ამდენი ხანია გრძელდება დავა კომპანიასა და მოსახლეობას შორის. ტაბაწყურში დანებებას არ აპირებენ. ისინი შემოსავლის ერთადერთი წყაროს დაბრუნებას ამჯერად სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ.
XS
SM
MD
LG