Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თავისი შემცვლელი წარადგინა


კოალიცია ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლების და მეცნიერების მინისტრის პოსტზე მის შემცვლელად ოფიციალურად წარადგინა თამარ სანიკიძე. მარგველაშვილის განცხადებით, მინისტრად მისი მოადგილის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს შესთავაზა და თანხმობა მიიღო. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ განათლების და მეცნიერების სფეროში ბოლო პერიოდის შედეგებს სწორედ თამარ სანიკიძესთან ერთად მიაღწია. შედეგებს შორის მარგველაშვილმა დაასახელა სისტემის დეპოლიტიზაცია, სკოლების პედაგოგების და ადმინისტრაციის თანამშრომელთა ხელფასის გაზრდა, უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, სასკოლო ავტობუსებით 16 ათასამდე მოსწავლის უზრუნველყოფა და 600 სკოლის რეკონსტრუქცია და 8 ახლის მშენებლობა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებითვე, მომავალი წლიდან პროფესიულ სასწავლებლებში უფასოდ სწავლის საშუალება ექნება 15 ათასამდე ახალგაზრდას, უკვე ამ წლიდან კი უმაღლეს სასწვალებლებში 17 სპეციალობის დაუფლება სტუდენტებს უფასოდ შეუძლიათ. მარგველაშვილის ინფორმაციით, სტუდენტების დაფინანსება წელს უკვე გაორმაგებულია, მომავალი წლიდან გაიზრდება პროფესორების ხელფასი, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონება აღარ გასხვისდება. დღესვე გიორგი მაგველაშვილმა განაცხადა, რომ მიღებულია დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის აღდგენის გადაწყვეტილება, რაც მისივე თქმით, ქართული მეცნიერების წარსულის აღიარების და ახლის შენების დასაწყისი იქნება.
XS
SM
MD
LG