Accessibility links

საქალაქო სასამართლომ დაიწყო გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა


თბილისის მერის გიგი უგულავასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლომ. მანამდე, 3 ივლისს თბილისის მერმა უარი თქვა ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვაზე. უგულავა და კეზერაშვილი ბრალდებულნი არიან სხვისი ქონების, კერძოდ ტელერადიო კომპანია ”იმედის” უკანონოდ მითვისებაში. გარდა ამისა, თბილისის მერს ბრალად ედება საბიუჯეტო თანხებით ნაციონალური მოძრაობის უკანონოდ დაფინანსება და ამ მიზნით მერიის ერთ-ერთ სტრუქტურაში პარტიის აქტივისტების ფიქტიურად დასაქმება. უგულავას ბრალდებულად ცნობის შემდეგ პროკურატურა მერისთვის აღკვეთის ზომად ითხოვდა მილიონი ლარის გირაოს და თანამდებობრივი უფლებამოსილების შეჩერებას, თუმცა თებერვალში სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამასთან, აღკვეთის ზომად წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული დავით კეზერაშვილს. საქმის არსებითად განხილვა დაიწყო ბრალდების და დაცვის მხარეთა შესავალი გამოსვლებით. მათი განაცხადებით უგულავასა და კეზერაშვილთან საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. თავის მხრივ, მოსამართლემ თბილისის მერს ბრალდების ეპიზოდები განუმარტა, რის შემდეგაც გიგი უგულავამ კვლავ განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ ბრალდების მოწმეთა დაკითხვა 30 აგვისტოდან დაიწყება.
XS
SM
MD
LG