Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლიტვაში


ვილნიუსის სამიტი, რომელსაც საქართველო განსაკუთრებულ იმედს უკავშირებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ თემას ლიტვაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის - ლიტვის - დედაქალაქი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს ნოემბრის მიწურულს უმასპინძლებს. ლიტვა საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება, თუმცა ყველაფერი მაინც მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ხარისხზე იქნება დამოკიდებული.

შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და სეიმის ევროპული კლუბის წევრებთან - მეტად დატვირთული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი - ერთდღიანი - ოფიციალური ვიზიტი ლიტვაში, საქართველოს განსაკუთრებულ მეგობრად აღიარებულ ქვეყანაში, რომელიც ამ მეგობრობის ერთგული რჩება.

ლიტვის პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი იტყობინება, რომ პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმსჯელეს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობაზე და შემოდგომაზე დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე. ”ვიმედოვნებთ, რომ ვილნიუსის სამიტი შედეგიანი იქნება”, - აღნიშნავს დალია გრიბაუსკაიტე და იქვე მეტი პროგრესის აუცილებლობასაც უსვამს ხაზს:

”მეტად მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს შიდა რეფორმების განხორციელება, დაიცვას დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპები”.

ყველაფერს გავაკეთებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებისთვის ვილნიუსის სამიტზე - ეს უკვე ლიტვის პრემიერ-მინისტრის სიტყვებია, წარმოთქმული 18 ივლისს, ქართველ კოლეგასთან, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ალგირდას ბუტკევიჩიუსი აღნიშნავს, რომ ლიტვის თავმჯდომარეობისთვის საქართველოს ევროპასთან დაახლოების საკითხი პრიორიტეტულია, ხოლო საქართველოს ვალია, რომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფლი საპრეზიდენტო არჩევნები.

რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები მოახდენს ამაზე გავლენას, მაგრამ მე გარწმუნებთ, დავარწმუნე ჩემი კოლეგაც და გაფართოებულ შეხვედრაზეც გავუსვით ამას ხაზი, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სანიმუშო საქართველოს ისტორიაში...
ბიძინა ივანიშვილი
ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ლიტვის განსაკუთრებულ მხარდაჭერას გრძნობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც და ის ოპტიმისტურად არის განწყობილი აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის მისამართით. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა 18 ივლისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 27 ნოემბრისთვის დაგეგმილ ვილნიუსის სამიტზე ”აბსოლუტურად მიღწევადია” ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება, თუმცა პრემიერისთვის ისიც ცხადია, რომ ვილნიუსის სამიტის შედეგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული:

”რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები მოახდენს ამაზე გავლენას, მაგრამ მე გარწმუნებთ, დავარწმუნე ჩემი კოლეგაც და გაფართოებულ შეხვედრაზეც გავუსვით ამას ხაზი, რომ ოქტომბრის არჩევნები იქნება სანიმუშო საქართველოს ისტორიაში. ჩვენ მოვახერხებთ და პირველად საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო რესურსები არ იქნება გამოყენებული რომელიმე ერთი კანდიდატის სასარგებლოდ და, საერთოდ, ვფიქრობთ, რომ ყველაზე ტიპიური ევროპული არჩევნები ჩატარდება ოქტომბერში საქართველოში და ეს ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი შეთანხმების ხელმოწერას და შეიძლება უფრო მეტიც მივიღოთ, არჩევნებიდან გამომდინარე”.

ბიძინა ივანიშვილის ლიტვაში ვიზიტს გარკვეულწილად დაგვიანებულად მიიჩნევს „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი, რომელიც განსაკუთრებულად აფასებს ამ ქვეყნის როლს ევროკავშირში საქართველოს ინტერესების ადვოკატირების საქმეში. ანალიტიკოსის აზრით, საქართველო ლიტვასთან მეგობრობას მაქსიმალურად უნდა გაუფრთხილდეს, რადგანაც პროცესი ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებით არ სრულდება:

შიდაპარტიული დაპირისპირებები ნაკლებად მოახდენს გავლენას ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე იმის გათვალისწინებით, რომ არ შეცვლილა უშუალოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ანუ ისინი აგრძელებენ რეფორმებს და ამას ამბობს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაც...
გიორგი თაბაგარი
”თუკი ლიტვა, რომელიც ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იყო ყოველთვის საქართველოსი ევროკავშირში და ნატოს ინტეგრაციის გზაზე, თავის ძალისხმევას შეანელებს, მაშინ სხვა ქვეყნები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ნაკლები ენთუზიაზმით იქნებიან განწყობილი. ჩვენ შეიძლება პარაფირება მოვახდინოთ, როგორც ვხედავთ ამის პრობლემა არ დგას, რამდენადაც ვხედავთ; მაგრამ შეთანხმების პარაფირება თავისთავად არაფერს არ ნიშნავს გარდა რაღაც ცერემონიისა და იმისა, რომ ტექსტებზე დასრულდა საუბარი და ცნობილი გახდება, რა ტექსტებია შეთანხმებული... ამიტომ საჭიროა ქვეყნები, როგორიც არის ლიტვა, რომლებიც ამ საკითხს უწევენ ადვოკატირებას და დაინტერესებული არიან აღმოსავლეთ ევროპისკენ ევროკავშირის ურთიერთიერთობების გაღრმავებით”.

ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან მიმართებით ლიტვის მხარდაჭერას მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროპის საკითხების სპეციალისტი გიორგი თაბაგარიც. ის თვლის, რომ, მართალია, ”ნაციონალურ მოძრაობას”, ევროკავშირის სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად, განსაკუთრებული კავშირები ჰქონდა ლიტვაშიც, მაგრამ ეს არ აისახება განწყობებზე საქართველოს ინტერესების მისამართით:

”შიდაპარტიული დაპირისპირებები ნაკლებად მოახდენს გავლენას ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებაზე იმის გათვალისწინებით, რომ არ შეცვლილა უშუალოდ საქართველოს ახალი ხელისუფლების დეკლარირებული პოლიტიკა, ანუ ისინი აგრძელებენ რეფორმებს და ამას ამბობს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციაც. შესაბამისად, ამას ამ ეტაპზე რაიმე არსებითი გავლენა არ ექნება, ვთქვათ, საქართველოს პერსპექტივაზე - პარაფირება მოახდინოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების”.

19 ივლისს პრემიერ-მინისტრის პირველი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტი შედგება პოლონეთშიც, სადაც ის პოლონელ კოლეგას დონალდ ტუსკსა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში ასევე შედიან: სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG