Accessibility links

logo-print
„’ატსტუპნიკების’ ქრონიკული პრობლემა - ისინი საცხოვრებლის დაკანონებას მოითხოვენ“ -გაზეთ „რეზონანსის“ ამ სტატიაში აღნიშნულია, რომ ადამიანებს, რომლებმაც ათეული წლების წინ სახლები ან სახლებში გარკვეული ფართები იყიდეს, საბჭოთა წყობილების დანგრევის შემდეგ ამ სახლებზე უფლება ჩამოერთვათ. აღმოჩნდა, რომ არც ერთ მათგანს ნაყიდი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში გაფორმებული არ ჰქონდა და საკუთრების უფლება ბინაში ჩაწერის ძალით ეძლეოდა, ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმების შემდეგ კი ბინით მოსარგებლეები სარგებლის უფლების გარეშე დარჩნენ, -ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მრავალი წლის განმავლობაში პრობლემის მოგვარება კანონის ძალითაც კი ვერ მოხერხდა.

ამავე გაზეთში დღეს წაიკითხავთ ინტერვიუს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-თბილისელების“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძესთან. კითხვაზე, ვინ დაიკავებს საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას და რა შანსები აქვს ირაკლი შიხიაშვილს, გულიკო ზუმბაძე პასუხობს: „ამ ადამიანმა უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ უნარ-ჩვევების გამოყენებით შექმნა, რაც ჩემთვის მიუღებელია. ის დეპუტატების წინააღმდეგ სხვადასხვა ბერკეტს იყენებს. მან ჩათვალა, რომ ამით მას დეპუტატებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლება. მისი მისამართით საზოგადოების განწყობაც ნეგატიურია და ამიტომ მიმაჩნია, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე უარი თავადვე უნდა თქვას. კანდიდატებად ასევე ჯაბა სამუშია და გიორგი ტყემალაძე განიხილება, თუმცა გადაწყვეტილი ამ ეტაპზე არაფერია“.

დავით ბაქრაძის მეორე ადგილზე გაყვანა გადაწყვეტილია, - ფიქრობს ირინა სარიშვილი. გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში იგი ამბობს, რომ პრეზიდენტის პოსტზე დღეისთვის უკვე დასახელებულ კანდიდატებში სამი ფავორიტის გამოყოფა შეიძლება. პირველია გიორგი მარგველაშვილი, მმართველი ძალის კანდიდატი, რომელიც პირველ ფავორიტად უნდა ჩაითვალოს; მეორეა დავით ბაქრაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, და მესამე - ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც, ირინა სარიშვილის თანახმად, გარკვეული მიზეზების გამო, მოსახლეობაში პოპულარული არ არის, მაგრამ გაწონასწორებულ და გამოცდილ პოლიტიკოსად ითვლება.

რა კავშირი აქვს 26 მაისის დარბევასთან FBI-ს? - კითხულობს ასევე გაზეთი „ახალი თაობა“ და იხსენებს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ორი დღის წინ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ 26 მაისის მიტინგის დაშლის ყველა ეტაპს მონიტორებზე თვალყურს ამერიკული ჯგუფი ადევნებდა. პრეზიდენტის თანახმად, ჯგუფი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა და, ბოლოს, დაიწერა დასკვნა, რომ ყველაფერი კანონიერი იყო. გაზეთ „ახალი თაობის“ თანახმად, 20 ივლისს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „სახალხო კრებაც“ გამოეხმაურა და მას შოკისმომგვრელი უწოდა.

„ბრუნდება თუ არა ასლან აბაშიძე აჭარაში?“ - გაზეთ „კვირის პალიტრის“ თანახმად, ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ ბათუმობის დღესასწაულზე მიწვეულ პერსონათა შორის აჭარის ყოფილი მმართველის ვაჟი, გიორგი აბაშიძეც ფიგურირებდა. ამ თემაზე გაზეთის რესპონდენტია აჭარელი უფლებადამცველი თამაზ ბაკურაძე, რომლის თქმითაც, ინტერპოლით ძებნილ ასლან აბაშიძეს ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არ მიუმართავს ახალი ხელისუფლებისთვის თხოვნით, მისთვის პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიეცათ, თუმცა ცნობილია, რომ სტრასბურგის სასამართლომ მისი საქმე წარმოებაში მიიღო. თამაზ ბაკურაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ამჟამად ასლან აბაშიძე საქართველოში რომ ჩამოვიდეს, სამართალდამცავებს მისი დაკავების გარდა სხვა გზა არ რჩებათ და ამიტომ ის, დიდი ალბათობით, ავჭალის კოლონიაში მერაბიშვილის, ახალაიას და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების გვერდით აღმოჩნდება.
XS
SM
MD
LG