Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია გმობს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ ძალადობას


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებას გამოთქვამს 20-21 ივლისს ზუგდიდსა და ბათუმში მომხდარი ინციდენტების გამო და მოუწოდებს პოლიტიკურ პროცესში ჩართულ ყველა პირს - უარი თქვას ძალადობაზე. საია მსჯელობს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც 20 ივლისს, ქალაქ ზუგდიდში, გამოვლინდა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. პარტიის ლიდერებსა და დელეგატებს წინასწარ შეკრებილმა მოქალაქეებმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, მათ ქვები და ბოთლები ესროლეს. ინციდენტისას დაზარალდა ერთი ჟურნალისტი. საია ყურადღებას ამახვილებს იმავე დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აქციაზე მოქალაქეთა მობილიზება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ მოხდა. 21 ივლისს ასევე დაპირისპირების ფონზე წარიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერი ბათუმში. ”წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებას, როგორც კონსტიტუციით გარანტირებულ და დაცულ სიკეთეს. თუმცა ამ უფლებათა განხორციელება აუცილებლად კანონის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს და ძალადობრივი ხასიათი არ უნდა მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პერიოდში ხელისუფლებამ უზრუნველყოს წინასაარჩევნო შეხვედრებისა და ღონისძიებების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარება, არ დაუშვას ძალადობა და გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთოს ის”, - ნათქვამია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 22 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. საია მოუწოდებს, თითოეულ მოქალაქეს, უარი თქვას პროტესტის ძალადობრივი ფორმებით გამოხატვაზე და მოუწოდებს სამართლდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ წინასაარჩევნო ღონისძიებების მშვიდობიან და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვა, ძალადობრივი აქტების ობიექტური, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. ორგანიზაციის შეფასებით, ”ზუგდიდის ინციდენტში იკვეთება უფრო მძიმე კანონდარღვევის ნიშნები, რისი პრევენციაც მოცემულ შემთხვევაში დამდგარი პასუხისმგებლობის ზომით შესაძლებელია ვერ მოხდეს. ამ მიზნით მნიშვნელოვანია თითოეული დარღვევის სწორი სამართლებრივი შეფასება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება.” საია აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს და იტოვებს იმედს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორგანიზებული საჯარო შეხვედრები ძალადობის გარეშე ჩაივლის.
XS
SM
MD
LG