Accessibility links

logo-print
ზუგდიდის საფეხბურთო გუნდმა „ზუგდიდმა“ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მოსამზადებელი ვარჯიშები განაახლა, თუმცა გუნდში არსებული სხვადასხვა პრობლემების გამო გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ფეხბურთელები ვარჯიშის გაგრძელებას და შეჯიბრში მონაწილეობის მიღებას.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი 10 აგვისტოს დაიწყება, ქალაქის მთავარ გუნდს კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა ამოეწურა და ამ დრომდე გაურკვეველია მისი დაფინანსების საკითხი. ზუგდიდის „ზუგდიდს“ არც მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ფეხბურთელებზე ივნისის თვის ანაზღაურება გაუცემელია.

ზუგდიდის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელი როლანდ მაქაცარია გუნდის დაშლის საშიშროებაზე ლაპარაკობს. მისი თქმით, აუცილებელია ამოქმედდეს კანონი სპორტის შესახებ, რომელიც კლუბებში ვითარებას დაარეგულირებს და თითოეული მათგანისთვის თანაბარი გარემო-პირობების შექმნას უზრუნველყოფს:

„ქალაქს გუნდი 1919 წლიდან ჰყავს, თუმცა დღეს არსებობს საშიშროება, ეროვნულ ჩემპიონატში ვერ ვიასპარეზოთ. სპორტის მინისტრი იმყოფებოდა ჩვენთან და 300 000-მდე ლარს უახლოეს დღეებში ველოდებით. გვაქვს შესაბამისი დაპირება. ერთ კვირაში თუ არ გვექნა თანხა, გუნდი დაიშლება“.
დაფინანსების პრობლემის პარალელურად, „ზუგდიდს“ საფეხბურთო მოედანი არა აქვს. ქალაქის ცენტრში განთავსებული სტადიონის ადგილას დასასვენებელი პარკის მოწყობა მიმდინარეობს, ახალი ობიექტი კი ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში უნდა აშენდეს. პროცესის დაჩქარების მოთხოვნით, გუნდის ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

მოვითხოვთ ქალაქს ჰქონდეს საკუთარი სტადიონი. ამ დროისთვის 10 ათასი ხელმოწერა გვაქვს. გულშემატკივრები გადანაწილებულები არიან ქალაქის ქუჩებში, თავიანთ უბნებში დააქვთ შესაბამისი ფურცლები...
კლუბ „ზუგდიდის“ გულშემატკივართა ოფიცერ მერი შენგელაიას თქმით, ხელმოწერების შეგროვების პროცესში ყველა ის ადამიანი მონაწილეობს, ვისთვისაც გუნდის გადარჩენა და წინსვლაა მნიშვნელოვანი:

„მოვითხოვთ ქალაქს ჰქონდეს საკუთარი სტადიონი. ამ დროისთვის 10 ათასი ხელმოწერა გვაქვს. გულშემატკივრები გადანაწილებულები არიან ქალაქის ქუჩებში, თავიანთ უბნებში დააქვთ შესაბამისი ფურცლები, ასევე ჩვენს ფეისბუქის გვერდზეა ყველაფერი მოცემული“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ეტაპზე სტადიონის დაპროექტების სამუშაოებს ახორციელებს, პარალელურად კი საჭირო თანხის მოძიებაზეც ფიქრობს:

„ჩვენ მოვიწვიეთ სამხარაულის ექსპერტიზა და გვაქვს დასკვნა, რომ კომბინატში ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებული სტადიონის სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდეს. ზუგდიდის „ზუგდიდი“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა, თუმცა დღეს ფინანსურად ძალიან გვიჭირს. თანხების გადაადგილება არჩევნების თარიღის გამოცხადების დღიდან შეუძლებელია და კანონს ვერ დავარღვევთ. ახალი წლიდან შესაძლებელია თანხების მოძიება. უბრალოდ, ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს პრობლემა“.

გიორგი თოდუას განმარტებით, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანისგან, რომელიც ზუგდიდში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა, მიიღეს დაპირება, რომ ის საქართველოს ფინანსთა მინისტრს შეხვდება და შექმნილი ვითარების შესახებ აცნობებს. გამგეობაში იმედს იტოვებენ, რომ სამინისტროების შუამდგომლობით პრობლემის მოგვარებას შეძლებენ.

ზუგდიდის საფეხბურთო ფედერაციის ხელმძღვანელის როლანდ მაქაცარიას განცხადებით კი, თუ უახლოეს დღეებში კლუბის დაფინანსების საკითხი არ გადაწყდება, საპროტესტო აქციებს გამართავენ და ადგილობრივ ხელისუფლებას თანხის გამოყოფას მოსთხოვენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG