Accessibility links

logo-print

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს


24 ივლისს საქართველოს პარლამენტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების რამდენიმე კანონპროექტს განიხილავს. წარმოდგენილი კანონპროექტებით, მაგალითად, რეგულირდება: ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების წესი - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის; ასევე ზუსტდება წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილე სუბიქტთა წრე, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების წესი და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების გამოწვევისა და შეცვლის წესი; ცვლილებები ასევე შეეხება, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოებისა და მასში მონაწილეობის წესებს და საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვის საკითხებს. სწორედ საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების განხილვას უკავშირდებოდა საპროტესტო აქცია, რომელიც 24 ივლისს ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. არასაპარლამენტო ოპოზიცია ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობის ფარგლებში შემუშავებული მემორანდუმის პირობების დაკმაყოფილებას ითხოვს. მართალია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არაერთ შეუსრულებელ დაპირებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის - დავით უსუფაშვილის განმარტებით, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში მიღწეული ერთადერთი შეთანხმების შესრულება გადაიდო, რაც პარტიების დაფინანსებას უკავშირდება. ”მინდა, ჩვენს კოლეგებს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ვინც არ გვესწრებიან აქ, შევახსენო, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების გადადებით, ფინანსური თვალსაზრისით მხოლოდ ისინი არ არიან ”დაზარალებული”. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არანაკლებ, მეტად თუ არა, წმინდა ფინანსური თვალსაზრისით არის დაზარალებულთა შორის. ასე რომ, პოლიტიკური პარტიები ჩვენ არ დაგვიყვია საპარლამენტოდ და არასაპარლამენტოდ და ჩვენთვის არაფერი მოგვიმატებია და სხვა არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა 24 ივლისს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე და დასძინა, რომ ამ ”მნიშვნელოვან” საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა გრძელდება.
XS
SM
MD
LG