Accessibility links

logo-print
ზაფხულთან დაკავშირებით ეიფორია არასდროს მახასიათებდა. ყოველთვის მახსოვს, რომ ზაფხული დამთავრდება და შემოდგომიდან ცხოვრება არა დასვენებულმა, არამედ უფრო დაღლილმა უნდა გავაგრძელო. ჩემი დასვენება სწორედ სექტემბერსა და ოქტომბერში იწყება, როცა თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს სახლში ვიდეოთამაშების თამაშით ვატარებ. თანაც, ეს ჩემი საყვარელი პერიოდია მთელი წლის განმავლობაში - ყველა ახალი და კარგი ვიდეოთამაში სწორედ სექტემბერსა და ოქტომბერში გამოდის. მოლოდინი ახლაც ძალიან დიდია და დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამა შეეხება სამ თამაშს, რომელთა გამოსვლასაც ყველაზე მეტად ველი.

პირველი თამაში ჩემი შემოდგომის სერიიდან 3 სექტემბერს უნდა გამოვიდეს. თამაშს, რომელსაც ასე ველოდები, დაახლოებით 9 წელია, რაც ვთამაშობ. TOTAL WAR-ის სერიის პირველი ვერსია, რომელიც ხელში ჩამივარდა, 2004 წელს გამოსული "რომი" იყო. ის, რასაც ახლა ველი კი, სწორედ ამ ვერსიის გაგრძელებაა, ანუ "რომი 2". სიმართლე გითხრათ, ტრეილერის ყურებისას გაჭირვებით გავარჩიე, თამაშის ტრეილერს ვუყურებდი თუ ფილმის. გეიმპლეი იმდენად რეალისტურია, რომ ნამდვილად აღმოჩნდებით ძველი რომში, ჩაერთვებით მაშინდელ პოლიტიკურ ინტრიგებში და აუცილებლად მოგინდებათ დაეპატრონოთ მთელ სამყაროს. ახალი ვერსიის რუკა გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე 2004 წელს გამოსული პირველი ნაწილისა. სამყარო თანამედროვე პორტუგალიიდან ავღანეთის ტერიტორიამდეა გადაჭიმული და 173 რეგიონს მოიცავს. რეგიონები 57 პროვინციად ნაწილდება. სწორედ ესაა ის სამყარო, რომელზე ბატონობაც იქნება თქვენი მისია ახალ TOTAL WAR-ში.
დროთა განმავლობაში ტოტალ უორი ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ სტრატეგიად ჩამოყალიბდა, რომელსაც, გამორჩეული გრაფიკის გარდა, ნამდვილ ისტორიულ მოვლენებთან არსებული ლოგიკური ჯაჭვი უფრო საინტერესოს ხდის. ეს თითქმის ერთადერთი სტრატეგიაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ბოლომდე შეიგრძნოთ იმ ეპოქის კულტურა, პოლიტიკა, საზოგადოება, რომელშიც თამაშობთ. მახსოვს, როცა ტოტალ უორის თამაშს ვიწყებდით, მე და ჩემი მეგობარი ღამეებს ვატარებდით ძველი რომის, შემდეგ კი შუასაუკუნეების ევროპის ისტორიის სახელმძღვანელოებთან, ვკითხულობდით და ვცდილობდით შეგვემუშავებინა ოპტიმალური სტრატეგია ჩვენი სახელმწიფოების ეკონომიკური განვითარებისთვის, ბრძოლებისთვის და ა.შ.

ახალ თამაშში ტოტალ უორის ჯგუფმა კიდევ უფრო დახვეწა პოლიტიკური სისტემა, ახლა მოთამაშეები გაცილებით მეტ სახელმწიფოს შეხვდებიან და საკუთარი ქალაქის განვითარებისთვის მეტი ფუნქცია ექნებათ. ასევე გაცილებით გაუმჯობესებულია საზღვაო ბრძოლების გეიმპლეი, რაც "რომი 2"-ის ერთ-ერთ მთავარ პლუსად ითვლება. სხვათა შორის, თამაშში კოლხებიც და ქართებიც შეგხვდებიან, სხვა 117 ფრაქციასთან ერთად.

რამდენიმე დღის წინ ერთი ვიდეო ვიპოვე, სადაც "FIFA"-ს ევოლუცია იყო ნაჩვენები, ანუ თამაშის, რომელიც 1993 წლიდან დღემდე მოვიდა და საკუთარ თავზე გადაიტანა ბოლო 20 წლის ყველა ტექნოლოგიური პროგრესი, ახალი ტრენდი ვიზუალში და ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ვიდეოთამაშად. ფიფას სერია, რომელსაც Electronic Arts-ი უშვებს, ერთგვარი თაიმლაინია, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებს კომპიუტერული თამაშებისა და ფეხბურთის განვითარებას ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ ფიფა 14, ანუ ახალი ფიფა, არის ჩემი შემდეგი დიდი მოლოდინი. თამაში 27 სექტემბერს უნდა გამოვიდეს და ინტერნეტში გავრცელებულმა ტრეილერმა უკვე დიდი მოლოდინი გააჩინა.

საერთოდ, მგონი დისკუსია იმის შესახებ, თუ რომელია საუკეთესო საფეხბურთო სიმულატორი, ფიფა 13-მა დახურა. ახლა კი ყველა ელის, თუ რას შემოგვთავაზებს ფიფა13-ზე უკეთესს ელექტრონიკ არტსი. უკეთესი კი ბევრი იქნება - მაგალითად, ვიზუალი, რომელიც წლიდან წლამდე მაქსიმალურად უახლოვდება იდეალურს. სხვათა შორის, ეს იმის დამსახურებაა, რომ ფიფას ჯგუფი უამრავი ფეხბურთელის სახის სკანირებას ახდენს და ცდილობს სიმულატორი მაქსიმალურად ჰგავდეს რეალურს. თუმცა ახალი ფიფას მთელი ხიბლი სხვა რამეში იქნება. ახალ ვერსიაში უამრავი ისეთი ფუნქციაა დამატებული, რომელთა უქონლობაც აქამდე სიმულატორების ერთადერთ მინუსად ითვლებოდა. ახალ ფიფაში შენ შეგიძლია უკეთ აკონტროლო ბურთი, ფეხბურთელს თვითონ მიუთითო, თუ როგორ იბრძოლოს პოზიციისთვის, შეგიძლია უკეთ აკონტროლო დარტყმა და, ფაქტობრივად, თავი იგრძნო ნამდვილ მოედანზე, ნამდვილ მესისთან, რონალდოსა და პირლოსთან ერთად.

თამაშის სიახლეების გარდა, ცალკე თემაა ფიფა 14-ის გარეკანი. ფიფას გარეკანი, საერთოდ, ყოველთვისაა დისკუსიის თემა, ვინაიდან ფიფა უნდა ეცადოს და გარეკანზე საუკეთესო ფეხბურთელი გამოიტანოს. როგორც წესი, გარეკანი რამდენიმეა, ანუ ერთი მთელი სამყაროსთვის და დანარჩენი სხვადასხვა ქვეყნებისთვის. მაგალითად, ახალი ფიფას გარეკანზე ლეო მესია გამოსახული, ხოლო იტალიურ გამოშვებაზე მესისთან ერთად გარეკანზე ელ შაარავიც ჩნდება. ფეხბურთელისთვის ეს ერთგვარი აღიარებაა ხოლმე, ანუ ფიფა, ფაქტობრივად, ამით აღიარებს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი წარმოადგენს ამა თუ იმ რეგიონს და როცა თამაშს რთავ, ყოველთვის ცდილობ ითამაშო ზუსტად იმ სპორტსმენით, რომელსაც გარეკანზე ხედავ. წლევანდელი ჩამონათვალით, მთავარი გარეკანზე ლეო მესია, რომელსაც შემდეგი ფეხბურთელები უერთდებიან სხვადასხვა გამოცემებში: ბრიტანეთში - გარეტ ბეილი, სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილიის გარდა) - არტურო ვიდალი, ჩრდილოეთ ამერიკაში - ხავიერ ჰერნანდესი და იტალიაში - სტეფან ელ შაარავი.

ფიფა 14 იქნება პირველი ფიფა, რომელშიც საშუალება გექნებათ ითამაშოთ მონტენეგროს ნაკრები გუნდით, ასევე თამაშს დაემატება 19 ბრაზილიური კლუბი. ფიფა 14 უკანასკნელი თამაშია, რომელიც პლეი სთეიშენ 2-ისთვის გამოვა და სწორედ ამ თამაშით მოგვიწევს ამ კონსოლთან გამომშვიდობება.
ბოლოს კი, მას შემდეგ, რაც ტოტალ უორის და ფიფას თამაშში რამდენიმე ღამეს აუცილებლად გავათენებ, დადგება 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერს კი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი, სიმულატორი - NBA 2K14 უნდა გამოვიდეს. ახალ ენბიეს სახლში განსაკუთრებით ველით. უფრო სწორად, მე და ჩემი ძმა ველით - ძველი ანგარიშები გვაქვს გასასწორებელი, რაც 2K13-დან გადმოგვყვა. ჩემს ძმას ლეიკერსი უყვარს და ყოველთვის ამ გუნდით მეთამაშება, მე კიდევ ბევრ სხვადასხვა გუნდს ვსინჯავ ხოლმე, მაგალითად, დეტროიტს ან გოლდენ სტეიტს. ენბიეს მთავარი ხიბლი ისაა, რომ ყველა გუნდს შეუძლია ყველა სხვა გუნდის დამარცხება. ამიტომ მიყვარს ეს სიმულატორი - შენს ფანტაზიას გასაქანს აძლევს და შეგიძლია კალათბურთისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღო.

ამ თამაშის გარეკანზე ლებრონ ჯეიმსი იქნება და, საერთოდ, თამაშში ბევრი რამაა ლებრონზე აწყობილი. ის ხომ სუპერმენია, კარიერაში შეგიძლია აირჩიო კიდეც როგორც გმირი და მის გზას მიჰყვე და ა.შ. თუმცა მე არ მიყვარს ლებრონი. ამიტომ მსგავსი სიახლეები ნაკლებად მადარდებს. მე უფრო ის მაინტერესებს, თუ როგორ დაიხვეწება თამაშის გეიმპლეი და ფუნქციონალი. სიმართლე გითხრათ, 2K13 იმდენად კარგ თამაშად მეჩვენებოდა, რომ ვერც წარმომიდგენია, რა უნდა გაუმჯობესდეს ახალ ვერსიაში, თუმცა ნამდვილად ღირს დაველოდოთ, ვითამაშოთ და შემდეგ ჩვენი დაკვირვებები ერთმანეთს გავუზიაროთ ინტერნეტში.
აი, ეს არის იმ თამაშების სია, რომლის გამოსვლასაც ყველაზე მეტად ველი. თქვენ კი შეგიძლიათ თქვენი ვერსიები გამიზიაროთ ინტერნეტში - ჩვენს ვებსაიტზე ან ფეისბუკ გვერდზე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG