Accessibility links

logo-print

პარლამენტი პარტიათა დაფინანსების გადაწყვეტილებას მიიღებს


საქართველოს პარლამენტი პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსების ახალი მოდელის განხილვას უბრუნდება. როგორც 29 ივლისს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში შეთანხმებული ეს საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის უნდა გადადებულიყო, თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა, რადგანაც ამან საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ”სრულიად არასასიამოვნო აჟიოტაჟი” შექმნა. ”ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი, რომელიც ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას უძღვებოდა, ამის თაობაზე ესაუბრა მონაწილე სუბიექტებს, კიდევ ერთხელ ჩატარდა კონსულტაციები მთავრობასთან და ბატონი ზაქარიას ცნობით, მიღწეულია ასეთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამ საკითხის განხილვას დავუბრუნდეთ ახლავე”, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილი პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს წინასაარჩევნო პერიოდისთვის, რადგანაც, მისი განცხადებით, გარკვეულწილად სწორედ დაფინანსებაზეა დამოკიდებული პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიის წარმატებით ჩატარება.
XS
SM
MD
LG