Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე მოსკოვის დაპირებაზე ლაპარაკობს


”დაიძრა ჩვენი ლტოლვილების საკითხი” - აცხადებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც, საქართველოს დელეგაციის სასულიერო და საერო წარმომადგენლებთან ერთად, 29 ივლისს დაბრუნდა მოსკოვიდან. ”ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავის ოჯახებში, თავის სახლებში. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობ, რომბ კარგად წაიმართება ეს საკითხი” - განაცხადა ილია მეორემ ქადაგებისას. პატრიარქის სიტყვები მედიის წარმომადგენლებთან მეუფე თეოდორემ დააკონკრეტა. ”პატრიარქმა მიიღო დაპირება რუსეთის პრეზიდენტისაგან, რომ ახლო მომავალში ჩაერთვება ლტოლვილების დაბრუნებაში და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება ლტოლვილების დაბრუნებაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში”, - განაცხადა მეუფე თეოდორემ. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, სასულიერო და საერო პირთა დელეგაციასათან ერთად, მოსკოვში რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებოდა. ამ ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან.
XS
SM
MD
LG