Accessibility links

ტრანს-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობისთვის ახალი კონსორციუმი შეიქმნა


აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ განცხადებით, შეიქმნა ახალი კონსორციუმი ტრანს-ადრიატიკის მილსადენის(TAP) მშენებლობისთვის. ამ მილსადენით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპაში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი მარშრუტით გადაიქაჩება. კონსორციუმში აზერბაიჯანული „სოკარის“ გარდა გაერთიანდნენ: ბრიტანული „ბრიტიშ პეტროლიუმი“, ნორვეგიული „სტატოილი“, ფრანგული „ტოტალი“, ბელგიური „ფლუქსისი“, გერმანული „ე.ონი“ და შვეიცარიული „აქსპო“. მილსადენის სიგრძე დაახლოებით 870 კილომეტრი იქნება. სრულფასოვნად ამუშავების დროისთვის მისი გავლით 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიტვირთება შაჰ დენიზის საბადოდან საბერძნეთის, ალბანეთისა და იტალიის გავლით. „სოკარი“, „ბრიტიშ პეტროლიუმი“ და „სტატოილი“ პარტნიორები არიან შაჰ დენიზის საბადოს პროექტში. თითოეული აქციების 20-20 პროცენტს ფლობს, „ფლუქსისი“ – 16%-ს, „ტოტალი“ – 10%-ს, „ე.ონი“ – 9%-ს, „აქსპო“ კი - 5%-ს. მილსადენის მშენებლობა 2015 წელს უნდა დაიწყოს და 2019 წელს დასრულდეს.
XS
SM
MD
LG