Accessibility links

logo-print

გადაიდო ოპოზიციის ლიდერის ბაქოში დაბრუნება


გადაიდო აზერბაიჯანის ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, კინოდრამატურგ რუსტამ იბრაგიმბეკოვის ბაქოში დაბრუნება, რაც დღეისთვის იყო დაგეგმილი. ეს გადაწყვეტილება თბილისში მიიღეს, აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოს მიერ გამართულ შეხვედრაზე. იბრაგიმბეკოვი საპრეზიდენტო კანდიდატად ამ საბჭომ დაასახელა ივლისის დასაწყისში. შეხვედრას თავად კინოდრამატურგი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მისი სამშობლოში დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ იქნება მიზანშეწონილი, როცა მოიხსნება ყველა წინაღობა საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად რეგისტრირებისთვის. ერთ-ერთ ასეთ წინაღობად ის ითვლება, რომ იბრაგიმბეკოვი ორ პასპორტს ფლობს - აზერბაიჯანისას და რუსეთისას. გავრცელებული ცნობებით, საბჭოს წევრები, რომლებიც რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, აპირებენ მიმართონ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს და სთხოვონ დააჩქაროს იბრაგიმბეკოვისთვის რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის პროცესი. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იბრაგიმბეკოვმა არ გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას დააპატიმრებენ. საბჭოს წევრები შიშობენ, რომ ბაქოში შესაძლოა იბრაგიმბეკოვს წაუყენონ ბრალდება აზერბაიჯანის კინემატოგრაფისტთა კავშირის წინააღმდეგ აღძრული საქმის ფარგლებში, როგორც კავშირის ხელმძღვანელს.
XS
SM
MD
LG