Accessibility links

ბაჩო ახალაია სასამართლომ რამდენიმე ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო


ბაჩო ახალაია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო რამდენიმე ეპიზოდში და აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა გააუქმა. საქმე ეხება სამხედრო მოსამსახურეებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების, თავისუფლების აღკვეთის ეპიზოდებსა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდს, როდესაც მას, პროკურატურის ინფორმაციით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და თავისუფლება აღუკვეთეს. ახალაიასთან ერთად, ამ საქმეზე ბრალდებული იყო კიდევ შვიდი პირი, მათ შორის გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი ზურაბ შამათავა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელი გაგა მკურნალიძე, სერჟანტი ალექსანდრე გორდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი. დარასელია და კინწურაშვილი ძებნილებად ითვლებიან, ხოლო კალანდაძე, გორდაძე, კიკაბიძე და შამათავა გირაოთი არიან პატიმრობიდან გათავისუფლებული. ახალაიასთან ერთად, სასამართლომ აღნიშნული პირებიც უდანაშაულოდ ცნო. ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია კიდევ ორ სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული - შვიდი სპეცრაზმელის განსხვავებული პოლიტიკური ნიშნით წამების და ე.წ. ციხის ბუნტის საქმეებზე. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების მხარდამჭერები გამამართლებელ განაჩენს ოვაციებით შეხვდენენ. პროცესს თავად ბაჩო ახალაიაც ესწრებოდა, თუმცა მას სხდომაზე არაფერი უთქვამს.
XS
SM
MD
LG