Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი გაწბილებულია სნოუდენისთვის თავშესაფრის მიცემის გამო


თეთრი სახლი „უკიდურესად იმედგაცრუებულია“ რუსეთის გადაწყვეტილებით, აშშ-ის უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის ძებნილი ედვარდ სნოუდენისათვის თავშესაფრის მიცემის გამო. ამ ნაბიჯის გამო, აშშ-ის ადმინსტრაცია აპირებს გადახედოს პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის შემოდგომაზე დაგეგმილ შეხვედრას, - განაცხადა ხუთშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯეი კარნიმ. „ჩვენ ცხადია ვსწავლობთ მოსკოვის სამიტის, ორმხრივი სამიტის სარგებლიანობას და ასევე ვიმყოფებით მოლაპარაკებებში რუსეთის ოფიციალურ პირებთან". შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორის, ედვარდ სნოუდენის რუსი ადვოკატის განცხადებით, სნოუდენმა დატოვა მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტი, რომლის სატრანზიტო ზონაშიც თვეზე მეტი იმყოფებოდა. ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სნოუდენს მიენიჭა დროებითი - ერთი წლით - თავშესაფარი რუსეთში და ამის დამადასტურებელი საბუთების მიღების შემდეგ, დღეს დატოვა აეროპორტი. კუჩერენას თქმით, სნოუდენის ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია, მისი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე. შეერთებულ შტატებს სნოუდენზე ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე მას შემდეგ, რაც სნოუდენმა გაავრცელა ინფორმაცია თვალთვალის საიდუმლო პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG