Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს და პრეზიდენტად კენჭისყრას გეგმავს


კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა, ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა 2 აგვისტოს გააკეთა განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებისა და საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის თაობაზე. დეპუტატის თქმით, ამ გადაწყვეტილების იმპულსად იქცა ბაჩო ახალაიასა და ”მისი თანამზრახველების” მიმარ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი. დეპუტატი არ ეთანხმება ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს, რომ ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის დადასტურება და დემოკრატიის ზეიმი. ”ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება არის დაცინვა იმ ხალხისა, ვინც დღემდე ელის სამართლიანობის აღდგენას. ეს არის პირდაპირი შედეგი ხელისუფლების უნიათო კურსისა კოჰაბიტაციაზე”, - განაცხადა კობა დავითაშვილმა პარასკევს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სადაც მან უმრავლესობის დატოვების სხვა მიზეზებიც დაასახელა. ”ჩემთვის ასევე ძალიან სამწუხარო და მიუღებელია, რომ როცაკი ჩვენი ხალხის, ჩვენი საზოგადოების რიგითი და ყველაზე დაუცველი წარმომადგენლების ინტერესებს დაუპირისპირდა დამსაქმებლების, სასაკლაოს მეპატრონეთა, სადაზღვევო კომპანიების, მევახშეებისა თუ ბანკების ინტერესები, ჩვენ ყოველთვის ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ გავაკეთეთ არჩევანი”, - უთხრა მედიის წარმომადგენლებს ხალხის პარტიის ლიდერმა, რომელიც მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ”ქართული ოცნებისგან” ”დიამეტრალურად განსხვავებული” პროგრამით აპირებს გამოსვლას. კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და საზოგადოებას მადლობას უხდის ”იმ ერთობლივი ბრძოლისთვის, რომელიც 1 ოქტომბრის გამარჯვებით დასრულდა”. დეპუტატი აღნიშნავს, რომ მისი მიზანია არა ვინმეს გულისტკენა, არამედ ყოფილი თანაგუნდელების დარწმუნება ”მცდარი კურსის გადახედვაში”.
XS
SM
MD
LG