Accessibility links

იემენის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ უწყების ქვედა რგოლის ყველა წარმომადგენელს და თავის მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში აშშ-ის 19 დიპლომატიური მისია დაიხურა. უსაფრთხოების ზომების გაძლიერება მოჰყვა დაზვერვის სამსახურის მიერ ორი მნიშვნელოვანი პირის მიმოწერის ხელში ჩაგდებას. ალ ყაიდის ლიდერის აიმან ალ-ზავაჰირისა და ალ ყაიდის არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი განშტოების მეთაურის ნასერ ალ-ვაჰიშის ურთიერთგზავნილები, დაზვერვის ინფორმაციით, შეიცავდა მასალას, რომელიც უსაფრთხროების სამსახურებს აფიქრებინებს, რომ რეგიონში იგეგმებოდა ტერორისტული თავდასხმები. არაბეთის ნახევარკუნძულზე მოქმედი ალ ყაიდის შტაბბინა იემენშია განთავსებული. ამავე ქვეყანაში განახორციელა, სავარაუდოდ, აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავმა იერიში და, როგორც უშიშროების ადგილობრივი სამსახურის ინკოგნიტო წარმომადგენელი იუწყება, სამშაბათის თავდასხმისას დაიღუპა ალ ყაიდის ოთხი წევრი. გავრცელებული ცნობით, სულ მცირე, ორი მათგანი არაბეთის ნახევარკუნძულზე ალ ყაიდის ფრთის მაღალი რანგის წარმომადგენელი იყო. ტერორისტული ორგანიზაციის ამ შტოს აშშ განსაკუთრებით სახიფათოდ მიიჩნევს. სახელმწიფო დეპარტამენტის ზემოხსენებული მოწოდება რამდენიმე საათში მოჰყვა ამ თავდასხმას.
ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და ნორვეგიამ ასევე დახურეს საკუთარი საელჩოები რეგიონში. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საშინაო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკკოლმა განაცხადა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ ეს, ალბათ, ყველაზე ზუსტი და სარწმუნო მუქარა იყო, რაც მინახავსო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის მოადგილე მერი ჰარფმა განსაკუთრებულ ზომებზე ილაპარაკა.

„მთლიანობაში, ჩვენი ქმედება სიფრთხილის ნაბიჯებს წარმოადგენს, ზედმიწევნითი სიფრთხილისა, რათა დავიცვათ ჩვენი ხალხი, ჩვენი ობიექტები და ოკეანისგადაღმა მდებარე ამ ობიექტების სტუმრები“, თქვა მან.

აშშ-ის ოფიციალური პირები არ აზუსტებენ, რა სახის საფრთხეზეა ლაპარაკი და ისიც არ არის დადგენილი, რა წარმოადგენს სამიზნეს. აშშ-ის დიპლომატიური მისიები მუშაობას განაახლებენ მუსლიმთა წმინდა თვის, რამადანის დასრულების შემდეგ, მომავალ შაბათ-კვირას.
XS
SM
MD
LG