Accessibility links

logo-print

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა პრესკონფერენცია გამართა


შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების გამო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ან, სხვა შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს მისი ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი. მან შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელთან შოთა უტიაშვილთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის დავალებით და დაფინანსებით მომზადებული დასკვნით, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის ორგანიზატორები პროვოკაციებს აწყობდნენ, კერძოდ, გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც ერთმანეთს ტროსით გადააბეს და ქუჩის ბოძებს მიამაგრეს. ადვოკატის განცხადებითვე, დასკვნაში საუბარია, რომ ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა, თავად ოპერაცია კი იმით დაიწყო, რომ დაშალა ბარიერები პარლამენტის შენობის სამხრეთ მხარეს, რათა მომიტინგეებს ადგილიდან გაცლა შეძლებოდათ. ამავე დასკვნაზე დაყრდნობით, ჩივიაშვილმა და უტიაშვილმა აღნიშნეს, რომ ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია 200-მა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ ფარებით, ხელკეტებით და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილით და არსებობდა ინფორმაცია, რომ ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. მათივე განცხადებით, დასკვნის მიხედვით, ოფიცერთა უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მიზნის მისაღწევად იყენებდა პროპორციულ და აუცილებელ საშუალებებს და გადამეტებული ძალა მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოიყენა. გიორგი ჩივიაშვილის და შოთა უტიაშვილის დღევანდელ პრესკონფერენციამდე დასკვნა საჯაროდ გაავრცელა ორგანიზაციამ "თავისუფალი ზონა," რომლის ინფორმაციით, დოკუმენტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით მოამზადა ამერიკულმა კომპანია "დენსუსმა." თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა დღეს განაცხადა, რომ დასკვნა, რომელიც შსს-ს 2011 წელს გადაეცა, ახლახან მიიღო საქართველოს მთავარი პროკურატურისგან.
XS
SM
MD
LG