Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო უწყება სოფელ ქვეშთან მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს გაავრცელა სპეციალური განცხადება გორის რაიოის სოფელ ქვეშთან გასული კვირის ბოლოს მომხდარი ინციდენტის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ”10 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილური ეკიპაჟი ახორციელებდა რეგულარულ პატრულირებას ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან განხორციელდა გასროლა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.” საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებას, რომლის მიზანია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია და ქართული მხარის პროვოცირება. ”მსგავსი უკანონო ქმედებები იწვევს განსაკუთრებულ შეშფოთებას იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არ არსებობს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები და რუსეთი კვლავ უარს ამბობს ძალის გამოუყენებლობის სამართლებრივ ვალდებულებაზე” - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო მსგავს პროვოკაციულ ინციდენტებს და რუსეთის სხვა დესტრუქციულ ქმედებებს მიიჩნევს იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ აუცილებელია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუფერხებლად განხორციელება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველო მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობები და საერთაშორისო სამართლით დაკისრებული ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG