Accessibility links

logo-print

ჭიათურაში დაიღუპა ორი მაღაროელი


ჭიათურის მაღაროში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ მეტალურგთა პროფკავშირების ხელმძღვანელის, თამაზ დოლაბერიძის სიტყვებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაღუპულები არიან როლანდ ნოზაძე, „მაღარმშენის“ ცვლის უფროსი და იუზა სამხარაძე, „ითხვისის“ მაღაროს მეორე უბნის გვირაბგამყვანი. ამავე წყაროს ცნობით, მაღაროელები "ითხვისის" მაღაროს მეორადი დამუშავების დროს დაიღუპნენ. „ნეტგაზეთი“ დოლაბერიძის სიტყვებს ავრცელებს - "ეს მაღარო რამდენიმე ათეული წლის წინ დამუშვებული იყო. მოხდა მისი მეორედ გახსნა. ერთ-ერთ მონაკვეთში, როდესაც გაბურღეს და ააფეთქეს, აღმოჩნდა, რომ იყო ძალიან დიდი რაოდენობით წყალი დაგროვილი. სწორედ ამ წყალმა დაახრჩო ისინი". საქართველოს მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე პასუხისმგებლობას მაღაროს ადმინისტრაციას აკისრებს, რადგან, მისი აზრით, მათ უბედური შემთხვევის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებს არ მიმართეს. ერთი თვის წინ, 15 ივლისს ჭიათურის მაღაროში საწარმოო შემთხვევის შედეგად 60 წლის შალვა დარბაიძე დაიღუპა.
XS
SM
MD
LG